სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.
ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს.
ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩენილი ახალი კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ბაზარზე ინდური მედიკამენტების შემოტანას გეგმავს. ამასთან, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კომპანია მედიკამენტებს გაცილებით იაფად შემოიტანს, ვიდრე დღეს ბაზარზე არსებული ფასებია.
ჯენერიკ მედიკამენტებისა და ბაზარზე ახალი მოთამასის გამოჩენის შესახებ პედიატრმა და ოჯახის ექიმმა რაჭა–ლეჩხუმში ესმა მაისაშვილმა ისაუბრა:
“ზოგადად, როდესაც ჯენერიკი მედიკამენტის დანიშვნაზე მიდგება საქმე, მთავარია, რომ წამლის ხარისხში დარწმუნებული იყოს ექიმი. პაციენტი, რომელსაც სოციალური მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო აქვს და ერთი თვის საჭირო წამალს ყიდულობს, უნდა იცოდეს, რომ ეს წამალი ნამდვილად ეფექტიანი და ხარისხიანი იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია წამლის ფასი. თუ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოვა მეტი ხელმისაწვდომი მედიკამენტი შედარებით დაბალ ფასად, ნამდვილად შეღავათი იქნება მოსახლეობის გარკვეული ფენისათვის“.
ექიმმა ფარმაცევტულ ბაზარზე დღეს არსებულ მდგომარეობას კატასტროფული უწოდა:
„დღეს წამლები სამჯერ გაძვირებულია. მით უმეტეს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდებათ კონკრეტული წამლების მიღება. არის ტენდენციაც, რომ სჭირდება თუ არა, ბევრ წამალს უნიშნავს ზოგი ექიმი პაციენტს. ესეც დასარეგულებელია და ექიმი პაციენტს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს“.
რაც შეეხება კომპანია ,,ჰუმანითი ჯორჯიას“, ექიმი ფაქტს იწონებს და იმედს გამოთქვამს, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.
„თავად ის ფაქტი, რომ ახალი მოთამაშე შემოდის ბაზარზე, მისასალმებელია. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ლოგიკურია, რომ თუ ახალი მოთამაშე დაბალ ფასად შემოიტანს ჯენერიკებს, სხვა მოთამაშეები დაწევენ ფასს, რომ არ დაკარგონ მომხმარებელი. თუმცა უმნიშვნელოვანესი მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლია.
ადრე ინდური მედიკამენტების მიმართ ერთგვარი სკეპტიკური დამოკიდებულება იყო. თუკი ჯენერიკი ინდური წარმოებისაა, თავად შემომტანმა უნდა იზრუნოს, რომ სწორი და დროული ინფორმაცია მიიტანოს ექიმებამდე. ექიმმა უნდა იცოდეს მისი ბიოექვივალენტობის შესახებ. თუ წამალი სანდო და იაფი იქნება, ლოგიკურია, რომ მის მიმართ მოთხოვნაც გაჩნდება“, – განაცხადა ესმა მაისაშვილმა.