ქვეყანაში GMP-ვალდებულების ამოქმედების მიუხედავად, რჩება რისკები, რომ ქართულ ბაზარზე საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების შეუსაბამო მედიკამენტები მოხვდეს. კერძოდ, საუბარია იმ იმპორტირებულ პრეპარატებზე, რომლებიც მწარმოებელი ქვეყნის ეროვნულ GMP-სტანდარტს აკმაყოფილებენ და არა – იმ მოთხოვნებს, რომლებსაც GMP-ის საერთაშორისო სტანდარტი აწესებს.
ამის შესახებ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა.
„საუბარია, მაგალითად, ინდოეთიდან ან პაკისტანიდან შემოტანილ გარკვეულ მედიკამენტებზე. საერთაშორისო GMP სტანდარტი ამ ქვეყნებშიც მოქმედებს, თუმცა იქ არის ისეთი საწარმოებიც, რომლებსაც მხოლოდ ეროვნული GMP-სტანდარტები აქვთ მიღებული, რაც ევროპასა და ამერიკაში არავალიდურია. ასეთ საწარმოებში ევროპელი ექსპერტები პირადად ჩადიან და ადგილზე ამოწმებენ, შეესაბამება თუ არა წარმოება საერთაშორისო სტანდარტებს. სწორედ მათ მიერ გაცემული დასკვნისა და სერტიფიკატის საფუძველზე იწყება ევროპის ამა თუ იმ ქვეყანაში აღნიშნული მედიკამენტის იმპორტი. საქართველოს კი არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ყველა შემთხვევაში ინსპექტორები მიავლინოს უცხოეთის ფარმაცევტულ საწარმოებში. ამიტომ ეს პრობლემა ამ მიმართულებით რჩება,“ – განაცხადა გოგიბერიძემ.
მისი თქმით, ასეთი საწარმოებიდან იმპორტს ქვეყანა ვერ აკრძალავს, რადგან მათი პროდუქცია ხელსაყრელი ღირებულებისაა, თუმცა ამ კუთხით სათანადო კონტროლი უნდა არსებობდეს.
მას არ აქვს მონაცემები, რა წილი უკავია ასეთ პრეპარატებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, თუმცა ვარაუდობს, რომ ასეთი მედიკამენტების ბაზარი არცთუ მცირეა. ამასთან, ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ წამლის ხარისხის კონტროლის ახლადგახსნილი ლაბორატორია დამატებითი მექანიზმია, რომ ბაზარზე უხარისხო და სტანდარტების შეუსაბამო მედიკამენტები არ მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ჯიემპი ვალდებულების ამოქმედებიდან, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, GMP სერტიფიკატი საქართველოში 3 კომპანიას აქვს. ესენია „ავერსი რაციონალი “, „ჯი ემ ფარმასიუთიქალი “ (PSP-ს საწარმო) და ანტიბიოტიკების მწარმოებელი კომპანია „აბიფარმი“. ფარმაცევტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ სტანდარტს უახლოეს პერიოდში „ბიოქიმფარმიც“ მიიღებს. კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სერტიფიკატი კი 40-ზე მეტ ბიზნესსუბიექტს აქვს მიღებული.
jandacva.ge