სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება – გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა საწარმოში ახალ პროფესიას 2053 მოქალაქე ეუფლება და იღრმავებს ცოდნას.
ერთ-ერთი ასეთი ავჭალაში მდებარე ავეჯის კლასტერული საწარმოა, სადაც ავეჯის ამწყობისა და დურგლის სპეციალობას ამჟამად 48 ადამიანი სწავლობს. ეს ადამიანები, როგორც სამუშაოს მაძიებლები, შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე იყვნენ რეგისტრირებულები. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა, სწორედ აქედან, შეარჩია ისინი ახალი პროფესიის შესასწავლად.
ზაზა სოფრომაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი დღეს ავჭალის ავეჯის კლასტერულ საწარმოს ესტუმრა, სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ადამიანები მოინახულა და მათ სასწავლო გარემოს გაეცნო. მინისტრის მოადგილე და სააგენტოს დირექტორი პოტენციურ დამსაქმებლებსაც შეხვდა.
ე.წ. „ხელოსანთა ქალაქში“ 200-მდე მინი-საწარმოა თავმოყრილი, სადაც ქართულ ავეჯს ამზადებენ. საწარმოს მფლობელებმა, კიდევ ერთხელ, გამოთქვეს სურვილი სახელმწიფოს დახმარებით ადგილზევე ასწავლონ ახალი პროფესია დასაქმების მსურველებს და მათგან ყველაზე წარმატებულები 2 თვეში საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით დაასაქმონ. ავეჯის მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათ შრომით ბაზარზე ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა და მზად არიან დამატებით 300 სპეციალისტი დაასაქმონ საკუთარ მინი-საწარმოებში.
ხელოსანთა ქალაქში თანამედროვე ტრენინგ -ცენტრიც გაიხსნა, სადაც პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად სტაჟიორები თეორიულ ცოდნას იღრმავებენ. აქვე პრაქტიკას გადიან პროფესიულ კოლეჯ „სპექტრის“ სტუდენტებიც. მომავალში ავეჯის კონსტრუირებას და დურგლობას კიდევ ახალი პროფესია, – მღებავიც, დაემატება და მისი ათვისებაც ადგილზე იქნება შესაძლებელი. 48 ადამიანიდან, რომლებიც საწარმოებში პროფესიულ მომზადება-გადამზადებას გადის, 6 დევნილია.
Jandacvis Saministro