მთავარი » კვირის ინტერვიუ » პრევენციაზე დახარჯული თითოეული ლარი ხშირ შემთხვევაში იწვევს ასობით ლარით ეკონომიას
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამტკიცდა, რომ პრევენციაზე დახარჯული თითოეული ლარი მთლიანობაში იწვევს ათობით და ხშირ შემთხვევაში, ასობით ლარით ეკონომიას.

პრევენციაზე დახარჯული თითოეული ლარი ხშირ შემთხვევაში იწვევს ასობით ლარით ეკონომიას

ჯანდაცვის სამინისტრომ „გლობალ ალიანსთან“ ერთად დაიწყო მოსახლეობის გამოკითხვა ჯანდაცვის საჭიროებების დასადგენად. შუალედურმა შედეგებმა აჩვენა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, აბულატორიული სისტემის რეორგანიზაცია  და ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრად მოსახლეობისზთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა.

„კურაციოს“ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ კვლევასიც, რომელიც ექიმებს შორის ჩატარდა გასული წლის ბოლოს, უმთავრეს გამოწვევად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების კონტროლი და ოპტიმიზაცია დასახელდა. მსოფლიოში მიღებული პრაქტიკის მიხედვით კი სახელმწიფო ხარჯებს ზოგავს პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით, როცა მეტი ყურადღება ექცევა დაავადებათა პრევენციას და პროფილაქტიკას.

პირველადი რგოლის მნიშვნელობაზე ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, პარლამენტარი გიგა ბუკია გვესაუბრება

ბატონო გიგა, მუდმივად მიდის საუბარი, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ძალიან დიდი თანხები იხარჯება, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დიდ ბიუჯეტს მოითხოვს და ჩვენს ქვეყანას ამის შესაძლებლობა არ აქვს. როგორ ფიქრობთ, ამ ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება, რადგან ის გაცილებით ხარჯთეფექტურია, ვიდრე თუნდაც ჰოსპიტალური მკურნალობა? 

ჩვენ ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვა და პრევენცია, ზოგადად. საერთოდ ასეა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამტკიცდა, რომ პრევენციაზე დახარჯული თითოეული ლარი მთლიანობაში იწვევს ათობით და ხშირ შემთხვევაში, ასობით ლარით ეკონომიას. ყველა განვითარებულ ქვეყანაში პრევენცია და პირველადი ჯანდაცვა არის პრიორიტეტი ჯანდაცვის სისტემაში. აქედან გამომდინარე, სისტემის ამ კუთხით განვითარება არის საშური საქმე.

რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, ვინაიდან ეს დაკავშირებულია როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეების მენტალურ, ეკონომიკურ და სხვა პრობლემებთან. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული პირველადი ჯანდაცვის რეფორმა მოსახლეობის ჯანდაცვის გაუმჯობესების კუთხით არის უმნიშვნელოვანესი.

გასაგებად რომ ავხსნათ, პირველადი ჯანდაცვა არის პრევენცია, პროფილაქტიკა, რომ დაავადება საწყის ეტაპზევე აღმოვაჩინოთ, რომლის მკურნალობა უფრო იაფი დაგვიჯდება ჩვენც და სახელმწიფოსაც, შესაბამისად. 

რა თქმა უნდა. ზოგადად, პრევენციის შემთხვევაში და ჯერ კიდევ იმ პროცესში, როდესაც ესა თუ ის ავადმყოფობა ქრონიკულ და მძიმე მდგომარეობაში არაა გადასული, ბევრად უფრო ექვემდებარება ის მკურნალობას, გამოჯანმრთელების პროცესები უფრო მალე სრულდება და პაციენტი მალე ხდება კვლავ შრომისუნარიანი. ამავე დროს, ნაკლები სამედიცინო ჩარევაა საჭირო, ქირურგული თუ მედიკამენტოზური.

ყველა დაავადებას აქვს თავის სიმპტომები. როდესაც ჯერ კიდევ არ იცის პაციენტმა, რომ მის ორგანიზმში რაიმე პროცესები მიმდინარეობს, წინასწარი კვლევებით პროფესიონალ ექიმს შეუძლია ადრევე დაადგინოს მიზეზი ამ პროცესების და საწყის ეტაპზე აღმოაჩინოს დაავადება. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, რაც უფრო ადრე იქნება აღმოჩენილი ესა თუ ის ავადმყოფობა, მისი მკურნალობა უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს და საყოველთაო ჯანდაცვს პროგრამაც ბევრად გამართულად იმუშავებს.

თუ ადამიანები დროულად მიხედავენ თავის ჯანმრთელობას ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჯანმრთელობის მდგომარეობის დროული კვლევებით სახელმწიფოსგან ექნება მას დახმარება და აშორებული საფრთხე, რაც შეიძლება მის ჯანმრთელობას შეექმნას. ეს მთლიანობაში გააუმჯობესებს საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას მთელ ქვეყანაში.

გასაგებია, რომ უნდა განვითარდეს პირველადი ჯანდაცვა, თუმცა ზოგადად რომ არ ვისაუბროთ, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს? რას უნდა მიექცეს ყურადღება? 

ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, მაგრამ პირველ რიგში, გაგიკვირდებათ და არის მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართულობა საკუთარი ჯანდაცვის მიმართულებით. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, ვინც იციან, რომ სახელმწიფო მათ უფინანსებთ გარკვეულ კვლევებს, მხოლოდ მისვლაა ამისთვის საჭირო, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ.

  გარდა ამისა, უნდა მოხდეს მედიკოსთა გადამზადება, ამბულატორიების იფნრასტრუქტურის სრულყოფა. ადამიანები უნდა შეეშვან თვითმკურნალობას, მეზობლის ან ნათესავის რჩევით პრეპარატების მიღებას, რადგან ამით, შესაძლებელია, უფრო დიდი პრობლემა შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას. სისტემური ცვლილებებია განსახორციელებელი და დიდი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს.

შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ თანაბარი მონაწილეობა უნდა მიიღოს პირველადი რგოლის განვითარების საქმეში. 

ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა, პირველ რიგში, ჩვენი დასაცავია და სახელმწიფო თუ ამაში ხელს გვიწყობს, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ადამიანს საკუთარი ჯანმრთელობა უნდა უღირდეს, რომ რისკი მოიხსნას. ამისათვის სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს და ეცდება, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, პირველ რიგში, საკუთარ ჯანმრთელობას მიაქციონ ყურადღება.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …