ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ინფორმაციით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში 6 300 პაციენტია ჩართული.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სერგეენკომ აღნიშნა, C ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ პარტნიორმა კომპანიებმა პროგრამით გათვალისწინებული 5 000 პაციენტის მკურნალობა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელა.
მისივე თქმით, ამჟამად, პრეპარატ „სოფოსბუვირით“ მკურნალობას 6 300 პაციენტი გადის.
„C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპი ფაქტიურად დაწყებულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ალბათ იანვარში მოვაწერთ ახალ ხელშეკრულებას ხელს, ჩატარებული პირველი 5 000 პაციენტის მკურნალობა იმდენად გამჭვირვალე, სამართლიანი და ეფექტური იყო, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა გადაწყვეტილება მიიღეს, პროექტი უწყვეტად გაგრძელებულიყო. დღეის მდგომარეობით, პროგრამაში არა 5 000, არამედ 6 300 პაციენტია ჩართული“, – აღნიშნა სერგეენკომ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ჰეპატიტის სამკურნალოდ ახალი ტიპის პრეპარატი შემოვა, რაც გვერდით მოვლენებს უფრო შეამცირებს. შესაბამისად, დაავადების მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება.
„ძალიან მალე შემოვა კიდევ ახალი თაობის პრეპარატი, მკურნალობას რომელიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და გვერდით მოვლენებს კიდევ უფრო შეამცირებს. ხაზგასმით მინდა ვთხოვო საზოგადოებას – C ჰეპატიტის დამარცხება არ ნიშნავს იმას, რომ ყოფილმა პაციენტებმა ჯანსაღი ცხოვრების წესი არ დაიცვან“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკო საზოგადოებას ასევე მოუწოდებს, რომ С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ყველამ გაიაროს.
„ჩვენ წლის განმავლობაში გვექნება თავისუფლი მიწვდომადობა – სკრინინგი C ჰეპატიტის აღმოჩენაზე, რადგან უამრავი ადამიანია, რომელმაც არც კი იცის, რომ ეს დაავადება აქვს. ამიტომ, ყველას ვთხოვ სკრინინგში ჩაერთონ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, დაწესებულებას და ორგანიზაციას, რომელთა დამსახურებაც ამ მართლაც გამორჩეული პროექტის წარმატებაა“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა.