საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება იმ შედეგს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის მკურნალობის მიმართულებით მიაღწია.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, C ჰეპატიტის მიმართულებით კრიტერიუმები ფართოვდება და 10 ივნისიდან, ყველა დაავადებული ადამიანი შეძლებს დაიწყოს მკურნალობა.
„დღემდე ეს მკურნალობა ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის. ეს ნამდვილად დიდი შრომის შედეგია ბატონი დავითის და გუნდის, რომელიც მასთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და მინისტრ დავით სერგეენკოს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობის პროცესში 10 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული.
„ასევე ძალიან დადებითია ის, რომ განკურნებული ადამიანების მაჩვენებელი თანდათან უფრო მატულობს. მისასალმებელია, რომ საქართველოში შესაძლებელია C ჰეპატიტი მთლიანად იქნას დაძლეული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.