ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს ოჯახის ექიმი ქეთევან ჩხაიძე გამოეხმაურა.
“პრაქტიკოსი ექიმები ჯენერიკებს ძალიან ფართოდ ვიყენებთ და ვენდობით მათ. ზოგადად, ჯენერიკის მიმართ პირველი განწყობა საერთო მონაცემებითა და სტატიების მიხედვით გექმნება. მხოლოდ ინფორმაციულ ბუკლეტებს სახელმძღვანელოდ ვერასოდეს გამოვიყენებ.
მაინტერესებს ჯენერიკების დამადასტურებელი ევიდენტური მონაცემები მაღალი დონის სტატიების სახით. ეს არის პირველი განწყობა. შემდეგ, რა თქმა უნდა, არის პრეპარატით მკურნალობის მიღებული შედეგი. ბუნებრივია, ნდობა ჯენერიკების მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარე მუშავდება და ყალიბდება“, – აცხადებს ჩხაიძე.
ოჯახის ექიმი აღნიშნავს, რომ მედიკამენტის ხარისხს მწარმოებელი ქვეყანა არ განსაზღვრავს.
„ინდური წარმოების მედიკამენტი უხარისხოა, ასე ცალსახად თქმა არასწორია და დანაშაული. როდესაც პრეპარატს, მათ შორის, ჯენერიკს აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, კეძოდ, ISO-ს სერტიფიკატი, ეს უკვე მეტყველებს, რომ ის დამზადდა სტანდარტების დაცვით და მის ხარისხში ეჭვი აღარ უნდა შეგვეპაროს. ფარმაცევტული ქარხნის გეოგრაფილ მდებარეობას და თუ რომელი ქვეყნის მუშახელს გამოიყენებენ წარმოებაში, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ხშირად საქართველოში დამზადებულ წამლებზეც ვხვდებით ხოლმე წინააღმდეგობას დანიშვნისას, მაგრამ რეალურად ჩვენთან წამალი არ იწარმოება, ხდება მხოლოდ შეფუთვა. თანაც ეს ხდება ძალიან მაღალი დონის იგივე ISO სერტიფიკატის მქონე ქარხნებში, რომლის ანალოგიც შეიძლება ევროპაშიც არ იყოს,“ – აღნიშნავს ჩხაიძე.