მთავარი » კვირის ინტერვიუ » პირველადი რგოლის რეფორმა და პრევენცია აუცილებელია
პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს მწვავედ განვითარებული დაავადებების რისკს. რეფორმის დაწყება შეაფასა ლელა კუბლაშვილმა.

პირველადი რგოლის რეფორმა და პრევენცია აუცილებელია

ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს. პირველადი რგოლის მნიშვნელობაზე და ამ რგოლში გასატარებელ ცვლილებებზე ხელვაჩაურის რაიონის სოფლის ექიმს, ლელა კახიძეს ვესაუბრეთ.

– რამდენად აუცილებელია პირველადი რგოლის რეორგანიზაცია და რა მიმართულებით?

– იმისთვის, რომ ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს, საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის პირველი რგოლის დონეზე ეს ღონისძიებები ისედაც ტარდება.

პირველადი რგოლის ერთ–ერთი ფუნქცია მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაც უნდა იყოს, ასევე იმუნიზაციის სისტემის სწორი მართვა და კონტროლი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს გამართული პირველადი ჯანდაცვის რგოლის არსებობა იმიტომ არის საჭირო, რომ ზედმეტი დაწოლა აღარ მოხდეს სტაციონარზე.

პაციენტს უნდა ჰქონდეს მოლოდინი იმისა, რომ თუკი მიმართავს პირველი რგოლის ექიმს, გაეწევა სათანადო მომსახურება და მხოლოდ საჭიროებისამებრ მოხდება მისი გადამისამართება.

პაციენტმა გაურკვევლად და დაუსრულებლად არ უნდა იაროს სხვა დაწესებულებებში, თუნდაც სტაციონარში. პირველადი რგოლის ექიმთან მისულ პაციენტს სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს დაავადების შესახებ და ასევე ინფორმირებული უნდა იყოს, თუ სად მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.

–პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებით ხდება თუ არა ჯანდაცვის სფეროზე დახარჯული ბიუჯეტი ხარჯთეფექტური?

– ვფიქრობ, რომ პირველადი ჯანდაცვა ხარჯთეფექტური ისედაც არის. თუმცა პირველადი ჯანდაცვა ვერ გაძლიერდება და ვერ იქნება პრიორიტეტული, თუკი არ მოწესრიგდება შენობები.

მაგალითად, ჩვენ არ ვიცით ვის შენობაში ვართ, გაურკვეველია ვის ბალანსზე ირიცხება, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ინვენტარით სრულყოფილად აღჭურვილი არ არის. თუ ეს ნიუანსები არ მოწესრიგდება , ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობა როგორ მიიღებს?!

–თქვენი აზრით, რა პრობლემები და ხარვეზები არსებობს ამჟამად პირველად ჯანდაცვაში?

– ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, უმანქანობა. ჩვენ ვემსახურებით ხელვაჩაურის რაიონს. ჩვენი სამოქმედო არეალი არ ითვლება მაღალმთიან რეგიონად, მაგრამ ისეთი რელიეფია, რომ ზოგიერთ დანიშნულების ადგილას მისვლა შესაბამისი ტრანსპორტის გარეშე შეუძლებელია.

ყველგან, რა თქმა უნდა, არ არის ერთი და იგივე პრობლემა, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ წყალი არ მოგვეწოდება. ეს ისეთი პრობლემებია, რომლებიც თუ არ მოწესრიგდება, ვერ შექმნის პრიორიტეტს ჯანდაცვაში.

უნდა გაიზარდოს თუ არა ხელისუფლების როლი, რათა მოხდეს: მედიკამენტებზე და მომსახურებაზე ფასების შემცირება, მომსახურების ხარისხის გაზრდა, ექიმების ანზღაურების გაზრდა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

– პირველად რგოლს გადაეცემა გარკვეული ტიპის მედიკამენტები, თუმცა ქრონიკული დაავადებების მართვა ამ მედიკამენტებით შეუძლებელია. თუ პაციენტს აქვს სიცხე ან წნევა, შეიძლება მისცე შესაბამისი წამალი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება პაციენტს ბინაზე გაატანო პრეპარატი.

ქრონიკული დაავადებების მართვას, როგორც წესი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ძვირადღირებული პრეპარატების მიღება სჭირდება, რაზეც ხელი მოსახლეობის დიდი ნაწილს არ მიუწვდება, განსაკუთრებით კი რეგიონებში.

რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, თუ რაიმე მექანიზმით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეულ შეღავათებს, თუმცა რამდენად არის ნებადართული მისი ჩარევა ფარმაციის ბიზნესში, ეს არ ვიცი.

– თქვენი აზრით, გაიზარდა თუ არა საზოგადოების მხარდაჭერა და დაინტერესება ჯანდაცვის სამინისტროს და საერთოდ ჯანდაცვის პრობლემატიკის მიმართ?

– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჯანდაცვის მინისტრის უშუალო როლი პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაში ძალიან დიდია. ყველა ექიმი კმაყოფილია მისი მუშაობითა და მიდგომებით ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ერთ დროს ოჯახის ექიმები სოფლად გაურკვეველი სტატუსის მქონენი ვიყავით, მისი მინისტრობის პერიოდში კი მოგვენიჭა სოფლის ექიმის სტატუსი. შედარებით გაიზარდა ოჯახის ექიმების ანაზღაურებაც.

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ყველა მოთხოვნის ერთბაშად შესრულება, თუმცა ფაქტია, რომ ამ დრომდე ყველა დანაპირები შესრულებულია. კარგი იქნება, თუ დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში გაითვალისწინებენ ოჯახის ექიმებისთვის საჭირო ტრენინგებს.

გარდა ამისა, ძალიან სასარგებლო იქნება ამ რგოლში დასაქმებული მედიკოსების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაც.

info9.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …