“ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისათვის, რომ ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ“,-აღნიშნულის შესახებ აკაკი ზოიძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა.
ჯანდაცვის ექსპერტმა სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
„პირველ რიგში კოლექტივის ინტერესებია ძალიან მნიშვნელოვანი. შეთანხმება უნდა მოხდეს სწორედ იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვისაც უნდა გადამზადდეს და დასაქმდეს და ჰქონდეს მყარი გარანტიები და მეორე, ვისაც ასაკის გამო არ შეეძლება, უფრო სხვა ტიპის კომპენსაცია უნდა იყოს შეთავაზებული.
ვფიქრობ,ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისათვის, რომ ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ, ვინაიდან არსებული შენობის გადაიარაღება ნაკლებ სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იყოს.
ბევრი გეგმა იყო ამ დაწესებულების განახლებასთან დაკავშირებით და მთავარი მომენტი, რაც ჩემი აზრით აქ არის, ეს არის ნდობა.
თუ მყარი გარანტიები იქნება მიცემული, რომ რეალურად ეს პროექტი, როგორც წარმოდგენილი იქნა ისე განხორციელდება, მაშინ ალბათ ეს არის ძალიან მისასალმებელი და სასიკეთო საქმე“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ.
ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.