კლინიკა „პინეოს“ ონკოლოგიურ ცენტრში იგეგმება სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც სუფთა პროფესიულ საკითხებთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმობა სამედიცინო ეთიკის, კომუნიკაციის, ფსიქოლოგიის, კვლევითი მუშაობის ასპექტების, სამედიცინო ჟურნალის სწორი წარმოების და მრავალ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარებას ქვეყნის მასშტაბით.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებულ ცენტრს ხელმძღვანელობს სამედიცინო ონკოლოგი და სხივური თერაპევტი ზაზა უჯმაჯურიძე, რომელმაც დანიის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში (კოპენჰაგენისა და ზელანდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლები) წარმატებული სამედიცინო კარიერის შემდეგ დატოვა დანია და დაბრუნდა სამშობლოში, რათა აქ გააგრძელოს სამედიცინო მოღვაწეობა.
მისი ხელმძღვანელობით საქართველოში იხსნება ცენტრი, სადაც, მისი სახით, ადგილზე იქნება ხანგრძლივი ევროპული გამოცდილების სპეციალისტი. კლინიკაში იგეგმება მთელი რიგი მყარ ქსოვილთა სიმსივნეების სამედიცინო მკურნალობა, ასევე მათი სხივური თერაპია (ეს უკანასკნელი ჩატარდება ქვეყანაში არსებულ სხვა ცენტრებში, რომლებიც „პინეოსთან“ და, კერძოდ, ზაზა უჯმაჯურიძესთან მჭიდრო პროფესიონალურ კონტაქტში არიან). ანუ ჩვენი კლინიკის მეშვეობით ზაზა უჯმაჯურიძის ზედამხედველობით პაციენტი გაივლის როგორც მაღალ-კვალიფიცირებულ სამედიცინო ონკოლოგიურ მომსახურება-მკურნალობას, ასევე მისი დანიშნულებისამებრ და სხვა კოლეგებთან თანამშრომლობით, ჩაიტარებს სხივური თერაპიის კურსსაც (ფიზიკურად ეს ჩატარდება თანამშრომელ ცენტრებში).
„კლინიკის მიზანია, შეიქმნას საუკეთესო პირობები სამედიცინო პერსონალის მაქსიმალურად არასტრესულ გარემოში ნაყოფიერი მუშაობისა და, რაც უმთავრესია, პაციენტებს დაეთმოთ სათანადო დრო, მოვუსმინოთ მათ მოთხოვნებს, გულისყურით მოვეკიდოთ მათ მდგომარეობას, ყველა პაციენტს, გარდა იმისა, რომ უკლებლივ ყველა მათგანის წამყვანი ექიმი ზაზა უჯმაჯურიძე იქნება, ჰყავდეს საკონტაქტო ექიმი, პაციენტებს დღე-ღამის განმავლობაში ჰქონდეთ მორიგე ექიმთან დაკავშირების იოლი საშუალება, რათა სწორად წარვმართოთ სამედიცინო მკურნალობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი გართულებები, ჰქონდეთ იოლი წვდომა სამდივნოსთან, შეიქმნას პაციენტთა კოორდინატორის სრულიად ახალი ფუნქცია, რომლის დანიშნულებაც იქნება სისტემაში მოვიყვანოთ ყველა დანიშნულება, კვლევა, დაფინანსების საკითხები და სხვა პრაქტიკული ასპექტები მკურნალობისა, რათა პაციენტს უმოკლეს დროში ეფექტურად ვუმკურნალოთ და მოვუხსნათ ზედმეტი თავსატკივარი,“- აცხადებენ კლინიკაში.
მათი თქმით, ამ მიზნით დაგეგმილია ვიდეო კონსულტაციებიც, სახლში ლაბორატორიული ანალიზების აღება, ეფექტური დაჯავშნის სისტემა.
ცენტრში იქნება კლინიკური ონკოლოგიის რეზიდენტურა.
ზაზა უჯმაჯურიძე იმედოვნებს, მჭიდროდ ითანამშრომლოს კოლეგებთან სხვა კლინიკებიდანაც, რათა შეიქმნას ურთიერთგაცვლისა და გაგების ეროვნული ქსელი, კიდევ უფრო დაიხვეწოს ეროვნული გაიდლაინები, რომლებიც უცხოურის თარგმანი კი არა, ადგილობრივი პირობებისა და მოცემულობათა ღრმა გააზრებით იქნება შემუშავებული, შექმნას სამუშაო ჯგუფები მთელ რიგ ონკოლოგიურ ქვესპეციალობებში, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის, ფილტვის, ზემო და ქვემო გასტროინტესტინალური ტრაქტის, უროლოგიური და გინეკოლოგიური ონკოლოგიისა და სხვა სფეროები, სადაც ონკოლოგებთან და სხივურ თერაპევტებთან ერთად გაერთიანებული იქნებიან ქირურგები, რადიოლოგები, პათოლოგ-ანატომები, ბირთვული მედიცინის სპეციალისტები და სხვ.
ყურადღება დაეთმობა ქვეყანაში პალიაციური მკურნალობისა და ჰოსპისების სამსახურის გაუმჯობესებას.
მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში იმავე მაღალი პროფესიონალური პრინციპებით მუშაობს ქართველ ექიმთა და ექთანთა კვალიფიცირებული გუნდი.