საპარტნიორო ფონდს თბილისის სამი საავადმყოფოს განვითარებაზე ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომლის ფინალურ ეტაპზე ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ გავიდა.
ტენდერის პირობების მიხედვით, იგეგმება ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის რეკონსტრუქცია, აღჭურვა და მედპერსონალის გადამზადება.
პროექტში ჩართული იქნება როგორც კერძო სექტორი, ასევე, სახელმწიფოც, რაც ცნობილია როგორც კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი. ამ თემაზე საუბრობს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე:
„ძალიან კარგია, რომ ამ საავადმყოფოების განვითარებაში ჩართული იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო სექტორი. ეს ნიშნავს, რომ არის ერთგვარი ურთიერთკონტროლი. კერძო სექტორი, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული, მოტივირებულია, მაქსიმალურად გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, ხოლო სახელმწიფო, თავის მხრივ, შექმნის პირობებს, რომ მისმა მოქალაქეებმა, თუნდაც შეჭირვებულებმა, მიიღონ შესაბამისი სტანდარტების სამედიცინო მომსახურება.
პარტნიორობის ეს მოდელი ყოველთვის უკეთესია და სადაც შესაძლებელია, ყველგან უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სექტორში, სადაც სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების წინაშე“.
გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ ყველა კლინიკაში უნდა იყოს შესაძლებელი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება:
„ყველა ქვეყანაში არსებობს ე.წ. მუნიციპალური, ან სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები. საქართველოშიც უნდა იყოს ასეთი, რომელიც ძირითადი სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით, არაფრით იქნება განსხვავებული ძალიან მაღალი დონის კერძო კლინიკისგან.
კერძო კლინიკას შეიძლება ჰქონდეს მეტი ფუფუნება, მაგრამ ის, რაც საჭიროა სამედიცინო მომსახურებისათვის, ყველგან თანაბრად უნდა იყოს ქვეყნის ნებისმიერ კლინიკაში. ის აღჭურვილობა, რაც დღეს ხელმისაწვდომია, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო კლინიკებსაც. აქ უკვე საუბარი აღარ არის თანხებზე. ფული უნდა დაიხარჯოს, რათა ადამიანს შეეძლოს სახელმწიფო კლინიკაში მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება,“– ამბობს გუგული მაღრაძე.