მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » პანდემიის მწვავე ტალღის შემდეგ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი ტექნოლოგიებში ინვესტიციებს ზრდის

პანდემიის მწვავე ტალღის შემდეგ, მცხეთის სამედიცინო ცენტრი ტექნოლოგიებში ინვესტიციებს ზრდის

პანდემიის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ მცხეთის სამედიცინო ცენტრმა მრავალპროფილურ რეჟიმში სრულფასოვანი დაბრუნება შეძლო და კარდიოქირურგიის გარდა, პაციენტებს ყველა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კოვიდპაციენტების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, კოვიდგანყოფილება აგრძელებს მუშაობას და ამ ეტაპზე კლინიკაში 22 კოვიდ-საწოლია, რომელთაგან, როგორც წესი, ნახევარი მუდმივად შევსებულია. ამ ეტაპზე კი რეანიმაციასა და ინტენსიური მოვლის განყოფილებაში 9 პაციენტი იმყოფება. მუმლაძის თქმით, ჰოსპიტალიზებული ადამიანები, როგორც წესი, ხანდაზმულები არიან.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულების მრავალპროფილურ რეჟიმზე გადასვლას, ლიკა მუმლაძე აცხადებს, რომ კლინიკა ამ ეტაპზე სრული დატვირთვით მუშაობს. სამედიცინო ცენტრში გაიხსნა პედიატრიული განყოფილება, ასევე წარმატებით კეთდება ისეთი რთული ჩარევები, როგორიცაა ანგიოქირურგია, თრომბოქტომია და სხვა.

„თანამედროვე მედიცინის გამოწვევები იზრდება. ამიტომ აუცილებელია მუდმივი განახლება, მათ შორის – ტექნოლოგიური. ჩვენ განვახორციელეთ ინვესტიცია თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფის აპარატის შეძენის მიზნით, მთლიანად შევცვალეთ კათეტერიზაციის ლაბორატორია,“ – განაცხადა მუმლაძემ.

მისი თქმით, კლინიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება საერთაშორისო აკრედიტაციის დასაკმაყოფილებლად, რომლის ვალდებულებაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართულ კლინიკებს 2025 წლიდან დაეკისრებათ.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …