28 ივლისი C ჰეპატიტის საერთაშორისო დღე იყო. საქართველოში დაახლოებით 200 000-მდე ადამიანია ამ ინფექციით დაავადებული. 2015 წლის აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში პაციენტებს საშუალება აქვთ სრულიად უფასოდ იმკურნალონ.
C ჰეპატიტის პრევენციასა თუ საინფორმაციო კამპანიაზე წლების განმავლობაში მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“. ჩვენ ორგანიზაციის პროექტის კოორდინატორს, ვაჟა კასრელიშვილს ვესაუბრეთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა?
ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს. ელიმინაციის პროგრამა, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისათვის, ვინც ამ ინფექციით არიან ინფიცირებულნი და ვისაც არ აქვს მკურნალობის საშუალება და სახსრები. ასეთი კი ამ ადამიანთა 99% იქნება, დაახლოებით.
სახელმწიფოსთვის კი მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ამ დაავადების პროფილაქტიკის ჩარჩოებში მოქცევა, რადგან ბოლო ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 6,7% იყო ინფიცირებული და ეს დიდი მაჩვენებელია. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პაციენტთა უმრავლესობას ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ მკურნალობა ჩაეტარებინა. სახელმწიფომ კი პრევენციას უნდა მიაქციოს დიდი ყურადღება.
თქვენმა ორგანიზაციამ როდის დაიწყო ამ საკითხზე აქტიური მუშაობა?
ჩვენ ინფორმაციული პროფილაქტიკა დავიწყეთ პატიმრებზე, განსაკუთრებით აქცენტი გვქონდა ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებზე. მუშაობა დავიწყეთ 2001 წელს, რომელიც მოიცავდა შიდსზე და ჰეპატიტზე პროფილაქტიკურ სამუშაოებს. ეს იყო უფრო ინფორმაციული შეხვედრები, ხოლო 2003-2004 წლებიდან დავიწყეთ ტესტირება.
ჩვენმა ორგანიზაციამ ერთ-ერთმა აღმოაჩინა, რომ ციხეებში პატიმართა დიდი პროცენტი იყო ინფიცირებული. შეიქმნა იმის პრეცენდენტიც, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა უჩივლა სახელმწიფოს, მოუგო და მისი მკურნალობის ხარჯები გაიღო სახელმწიფომ.
რატომ ვერ მოხერხდა მსგავსი პროგრამის ამოქმედება რამდენიმე წლის წინ, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს?
წინა ხელისუფლების დროს ვერ მოხერხდა ამ პროგრამის განხორციელება, რადგან არ იყო სურვილი, ან ვერ მოიძებნა სახსრები. სახელმწიფოს, რეალურად, არ გააჩნდა საშუალება ემკურნალა ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამას საჭიროებდა. უნდა გამოჩენილიყო დონორი, ვინც უფასო მკურნალობას დააფინანსებდა, რადგან, როგორც ასეთი, უფასო მკურნალობა არ არსებობს. ფულს ვიღაც ყოველთვის იხდის.
ჩვენ ქვეყანას არ გააჩნდა საშუალება, რომ გადაეხადა კოლოსალური თანხა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩვენ იძულებული გავხდით შეგვეწყვიტა ამ მიმართულებით მუშაობა. გვთხოვეს, რომ აღარ გაგვეგრძელებინა პროფილაქტიკა, რადგან არ იყო მკურნალობის საშუალება. თუმცა, როგორც გითხარით, შეიქმნა პრეცედენტი და რამდენიმე პაციენტმა ციხეებში სახელმწიფოს ხარჯზე იმკურნალა.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, გამოჩნდა საერთაშორისო დონორი, ვინც ამ პროგრამას აფინანსებს. რამდენად კარგად მიმდინარეობს პროგრამის მენეჯმენტი, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ახალი დაწყებულია და შეფასება რთულია. მისი განხორციელება კი საკმაოდ დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.
რამდენად დიდია განსხვავება თუნდაც 2001 წლისა და დღევანდელ მდგომარეობას შორის?
განსხვავება ძალიან დიდია 2001 წლისა და დღევანდელ მდგომარეობას შორის. ამ საკითხით დაინტერესდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სამკურნალო მედიკამენტებზე ფასებმა შედარებით დაიკლო, გამოვიდა ახალი პრეპარატები. მოკლედ, პაციენტებისათვის უფრო ხელმისაწვდომი და რეალური გახდა მკურნალობა.
პროგრამის განხორციელების შემდეგ, რა იქნება აუცილებელი ნაბიჯები, რომ შედეგი შენარჩუნდეს?
ელიმინაციის პროგრამის შედეგები გვექნება რამდენიმე წლის შემდეგ. მკურნალობასთან ერთად აუცილებელია პრევენცია და პროფილაქტიკა, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება. შედეგი კი ის იქნება, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ მკურნალობა და შემდგომშიც გააგრძელებენ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას, რაშიც იგულისხმება აქტიური ცხოვრება, სწორი კვება, უალკოჰოლო ცხოვრება და ა.შ. აღარ ექნებათ გართულებები.
პრინციპში, ადამიანები იღუპებიან C ჰეპატიტის გართულებებით, ციროზით, ან ღვიძლის სიმსივნური დაავადებით. ნამკურნალებ ადამიანს ამ გართულებების განვითარების რისკი აქვს ძალიან მცირე.