მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » პაციენტისთვის სიმსივნეზე არასაჭირო კვლევები სტრესის მომტანია – ონკოლოგის მოსაზრება

პაციენტისთვის სიმსივნეზე არასაჭირო კვლევები სტრესის მომტანია – ონკოლოგის მოსაზრება

საქართველოში, მოსახლეობის მენტალობის გათვალისწინებით, არაერთ ადამიანს სიმსივნის ფობია აქვს და ყველა ჩივილის დროს ბევრ მათგანს კიბოს შიში უჩნდება. ამიტომ, ექიმებს პროფესიონალიზმი მართებთ და როცა არაა არავითარი ეჭვი, არ უნდა გავუშვათ პაციენტი არასაჭირო კვლევებზე, რაც მისთვის დამატებითი სტრესის მომტანი იქნება. ამის შესახებ ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე საუბრობს.

მისივე თქმით, ექიმებს პაციენტების მიმართ ასევე განსაკუთრებული მიდგომა მართებთ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

უჯმაჯურიძის განცხადებით, როდესაც ექიმებს პაციენტისთვის სიმსივნის დიაგნოზის გაცნობა უწევთ, ასეთ დროს ის უნდა იყოს შეყვანილი კაბინეტში, კარი დახურული, იქვე უნდა იყოს ოჯახის წევრი ან ახლობელი.

„ეს უმადური საქმეა, რადგან რისკავ, რომ პაციენტს ანტიპათია გაუჩნდება შენს მიმართ. მაგრამ თუ ამას გააკეთებ მაქსიმალური ემპათიით და ტაქტით, უპასუხებ მის სატელეფონო ზარებს, ამით აჩვენებ, რომ შენ მასთან ხარ.

პაციენტრი უნდა დავზოგოთ, ისე ვუთხრათ სიმართლე, რომ გული არ გაუსკდეს.

მაგალითად დანიაში პირველი, როცა პაციენტი სხვა განყოფილებიდან მოდის, პირველი რასაც ვეკითხები, არის ის, თუ რა იცის მან საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ზოგი ამბობს – „რაღაც წარმონაქმნი მაქვს, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?“ სინამდვილეში მას უკვე აუხსნეს ეს, მაგრამ მისი დამცველი მექანიზმი ისე მუშაობს, რომ ამ ინფორმაციას კეტავს და თითქოს არ უნდა გაიგოს და ურჩევნია ილუზიაში იყოს, კეტავს საკუთარ ცნობიერებას, რომ ეს ინფორმაცია არ შეუშვას. უნდა გაიგო მისი პოზიცია და შემდეგ ნელნელა შეუშვა ინფორმაცია – რა არის მის დიაგნოზში კარგი და ცუდი. მაგალითად, ცუდია, რომ სჭირს  ეს, თუმცა კარგია, რომ თანხმლები დაავადებები არ აქვს, ასევე ხელს უწყობს ასაკი და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ ტყუილად ვაიმედებთ მას. მეორეს მხრივ, არ მესმის, როცა პაციენტს ეუბნებიან, რომ არაფერი არ სჭირს, მაგრამ მოდი ჩავიტაროთ კვლევები სიმსივნეზე. უნდა ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით არაფერია, მაგრამ რომ გამოვრიცხოთ რისკის 5-10%, მოდი დავგეგმოთ ანალიზები. ხოლო თუ საეჭვო არაფერია და მაინც ენიშნება კვლევები, ესაა სტრესი და იწყება პაციენტის გადამისამართება ერთი სპეციალისტიდან მეორესთან და ეს დაუშვებელია,“ – აღნიშნავს ზაზა უჯმაჯურიძე, რომელიც წლების განმავლობაში დანიაში მოღვაწეობდა და ამჟამად საქართველოში იმყოფება, სადაც კლინიკა „პინეოში“ ახლადდაარსებულ ონკოლოგიურ ცენტრს ხელმძღვანელობს.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …