რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მოთავსებული 22 წლის ახალგაზრდა ქალის ახლობლები აპირებენ პროკურატურას მიმართონ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რათა დადგინდეს, ვისი მიზეზით და როგორ აღმოჩნდა პაციენტის მუცლის ღრუში მაკრატელი.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 22 წლის ქალს მაკრატელი მუცელში ერთი თვის წინ გაკეთებული ოპერაციის დროს ჩაუტოვეს. პაციენტის ოჯახის წევრების თქმით, ქალს მთელი ეს პერიოდი აწუხებდა ტკივილები, თუმცა ტკივილის მიზეზის დადგენა მხოლოდ 20 იანვარს ჩატარებული კვლევების შედეგად მოხერხდა, 20 იანვარსვე რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკაში მას გაუკეთდა ოპერაცია.
ახალგაზრდა ქალის მამამთილის განცხადებით, მარდალეიშვილის კლინიკისგან კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.
„ჩემს რძალს ურთულესი დაავადება აქვს, ეს უკვე მესამე ოპერაცია გაუკეთდა. პირველად 30 ოქტომბერს დიღომში, მაგრამ მდგომარეობა მაინც გაურთულდა და მეორე ოპერაცია ლისის ტბაზე მდებარე მარდალეიშვილის კლინიკაში ჩაუტარდა. ამის მიუხედავად მდგომარეობა უფრო და უფრო დაუმძიმდა, ოპერაციის მსვლელობისას წინა ოპერაციის დროს ჩარჩენილი მაკრატელი ამოუღეს. ჩვენ აღარ დაგვრჩა თანხა, რომ გოგონას ვუმკურნალოთ, შეიძლება საზღვარგარეთ გადაყვანა დასჭირდეს“, – ამბობს ნუგზარ აშრალოვი.
ორი შვილის 22 წლის დედა რუსთავში მარდალეიშვილის კლინიკაში 20 იანვარს, საღამოს შეიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. სასწრაფო ოპერაცია გაუკეთა ნიკოლოზ მღებრიშვილმა, იმავე ქირურგმა, რომელმაც მანამდე ჩაუტარა ოპერაცია. ქირურგი კომენტარს არ აკეთებს.
კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ლოლაძემ კი განაცხადა, რომ პაციენტის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში საავადმყოფოდანაც გაწერენ.
ლოლაძემ დასძინა, რომ კლინიკა მთლიანად იზიარებს მორალურ პასუხისმგებლობას მომხდარის გამო, იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკურად ყოველ 1000 ოპერაციაზე მსგავსი ერთეული შემთხვევები ხდება.
„ოპერაციას ექიმების ჯგუფი აკეთებდა, ინციდენტს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. ახლა დასკვნების გაკეთება ნაადრეევია, თუმცა ეს არ გვათავისუფლებს მორალური პასუხისმგებლობისგან, – ამბობს გიორგი ლოლაძე, – ოპერაციის დროს მაკრატელი შემთხვევით აღმოაჩინეს, რადგან პირველ შემთხვევაში ის კლინიკაში კომბინირებული დაავადებით შემოვიდა და ოპერაციის შემდეგ შეხორცებები განუვითარდა. პაციენტის მდგომარეობა ჩვენი პირველადი დასკვნით სწორედ ამ შეხორცებების გამო გართულდა,“ – განაცხადა ლოლაძემ.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რომ პაციენტის ახლობლები აპირებენ პროკურატურისთვის მიმართვას და ასევე კლინიკისგან კომპენსაციის მოთხოვნას, ლოლაძემ უპასუხა, რომ „ეს მათი უფლებაა“.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის საჭიროებას. როგორც სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტმა დევი ხეჩინაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა, პასუხისმგებლობის დაზღვევის მოქმედების შემთხვევაში, კომპენსაციას, რომელსაც სასამართლო ექიმს ან კლინიკას დააკისრებდა, სადაზღვევო კომპანია დაფარავდა. კითხვაზე – თუკი კლინიკა აღიარებს დანაშაულს, მაინც საჭირო გახდებოდა თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ეს სადაზღვევო კონტრაქტის პირობებზეა დამოკიდებული. მისი განმარტებით, შესაძლოა, მხარეებს შორის დავა მოლაპარაკების გზით, უფრო ოპერატიულად მოგვარდეს, თუკი მათ აკმაყოფილებთ ხელშეკრულებით გაწერილი კომპენსაციის მოცულობა.
სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ვერ იტყვის, როდის ამოქმედდება ეს სისტემა, თუმცა მასზე მუშაობა მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს.
პროდუქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, როდესაც საექიმო შეცდომის გამო პაციენტს ჯანმრთელობა უზიანდება, სადაზღვევო კომპანია, სადაც ექიმია დაზღვეული, დაზარალებულს ზარალს უნაზღაურებს. ეს ზარალი შეიძლება იყოს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარების გამოსწორებისთვის საჭირო მკურნალობა და მედიკამენტები, შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში კი მომავალში მისაღები შემოსავლის ანაზღაურება. ასევე კომპენსაცია ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, რაც ექიმის გადაცდომის შედეგად დადგა.
სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ექიმების მხრიდან აღნიშნული პროდუქტის შეძენის მოტივაცია დამსაქმებელ კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებებია, რომლებიც პროფესიული გადაცდომის შემთხვევაში ზარალის ანაზღაურებას მთლიანად ექიმს აკისრებენ. ამასთან, დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ ეს შეთავაზებები არ არის მაღალი სტანდარტის, ლიმიტები ძირითადად დაბალია და არ ფარავს ყველა შესაძლო ზარალს.
„მსოფლიოში ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სხვადასხვა მოდელი არსებობს. საქართველოსთვის რა მოდელი უნდა ამოქმედდეს, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და ეს რთული საკითხია. მსგავსი დაზღვევის პრინციპია, პაციენტის მიერ შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაუროს მომავალში მის მიერ მისაღები შემოსავლები, მკურნალობის ხარჯები, მორალური ზიანი და ა.შ. რამდენად შეესაბამებოდა ექიმის ქმედებები არსებულ გაიდლაინებს, უნდა დადგინდეს სასამართლოს ან პროფესიული გაერთიანების მიერ. ეს უკანასკნელი კი საქართველოში ძალიან გაუმართავია და ამ მიმართულებითაც ბევრი მუშაობაა საჭირო. თუმცა, როდესაც სავალდებულო დაზღვევის სისტემა ამოქმედდება, ექიმი ბევრად დაცულად იგრძნობს თავს და პროფესიულ საქმიანობასაც უფრო სტაბილურად და ხარისხიანად გააგრძელებს,“ – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
ამასთან, ყველაზე დიდ პრობლემად ამ მექანიზმის ამოქმედებაში ის ასახელებს იმ გაერთიანებას, რომელმაც ექიმის პროფესიული გადაცდომის ფაქტი უნდა დაადგინოს, ასეთ ასოციაციაში კი ასევე ექიმები არიან გაერთიანებულნი. თუმცა, მეორეს მხრივ, მისივე განცხადებით, არსებობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს დაიცავს.