მთავარი » რეფორმები » C ჰეპატიტი » პაციენტები C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპის დაწყებას ელოდებიან
C ჰეპატიტით დაინფიცირებული მოქალაქეები, ელიმინაციის მეორე ეტაპის დაწყებას ელოდებიან.მომლოდინე პაციენტებს გამოკვლევების მხოლოდ ნაწილი აქვთ ჩატარებული

პაციენტები C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპის დაწყებას ელოდებიან

C ჰეპატიტით დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ღვიძლის დაზიანება სამედიცინო კლინიკებმა რამდენიმე თვის წინ საგანგაშოდ არ მიიჩნიეს, C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპის დაწყებას ელოდებიან.

მკურნალობის დაწყების მომლოდინეთა შორისაა 55 წლის ნანა. ნანა ამბობს, რომ С ჰეპატიტის დიაგნოზი 5-6 წლის წინ დაუსვეს, თუმცა, წამლის ფასის გამო მკურნალობა არც დაუწყია.

“მაშინ ვიცოდი, რომ ცუდი ანალიზები მქონდა. ახლა, როდესაც ახალი გამოკვლევები ჩატარდა და სახელმწიფოს უნდა დაეწყო მკურნალობა, მითხრეს, ფიბროსკანმა [ღვიძლის დაზიანების ხარისხის კვლევამ] აჩვენა, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ მაქვს და გადაუდებელ მკურნალობას არ ვსაჭიროებ”, – ამბობს პაციენტი.

კლინიკა “ნეოლაბში”, სადაც პაციენტებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში C ჰეპტიტზე იკვლევენ, იგივენაირად დააიმედეს სხვა პაციენტი.

“დაახლოებით ერთი წლის წინ დედაჩემს C ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სრულყოფილი კვლევების დროს კი გვითხრეს, რომ ღვიძლის დაზიანების პირველი სტადიაა და ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპზე ვერ მოვხვდებით. ველოდებით მეორე ეტაპის დაწყებას, თუმცა, არავის უცნობებია ამ დრომდე, როდის დაიწყება ის”, – ამბობს პაციენტის შვილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია დარწმუნებულია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის მეორე ეტაპი, რომელიც გაცილებით მასშტაბური უნდა იყოს და პირველისგან განსხვავებით, მასში 15-20 ათასი ადამიანი ჩაერთვება ყოველწლიურად, უკვე მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება.

იქამდე კი, პროცედურების თანახმად, საქართველოს მთავრობამ წამლის მომწოდებელ ფარმაცევტულ კომპანია “გილეადთან” მეორე, გრძელვადიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს.

”გილეადთან” მეორე კონტრაქტი ამ წლის ნოემბრის თვის შემდეგ გაფორმდება. წლის ბოლოდან კი დაიწყება ელიმინაციის გრძელვადიანი პროექტი. პრეპარატ “სოვალდისთან” [სოფოსბუვირი] ერთად მივიღებთ “ჰარვონსაც”, რომელიც, როგორც იცით, რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო ეფექტურია”, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

იმისთვის, რომ საქართველომ  C ჰეპტიტის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების მოწოდებაზე გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს, პირველი, მოკლევადიანი კონტრაქტის პირობების წარმატებით შესრულება ევალება.

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ეს პირობები უკვე შეასრულა.

“პირველი ეტაპი, შეიძლება ითქვას, გავიარეთ, გავიარეთ წარმატებით. კითხვის ნიშნები არ არის. შედეგები მშვენიერია, უნიკალურია. მსგავსი შედეგები (მე დიდი ხნის სტაჟი მაქვს)  არცერთ პრეპარატზე მსოფლიოში არ ყოფილა. საერთაშორისო გამოხმაურება უდიდესია. ყველა გვიყურებს ჩვენ, მსოფლიოში ყველა კონფერენციაზე გვიწვევენ, რომ პრეზენტაცია გავაკეთოთ. დიდი დაინტერესებაა, თუ როგორ გავაკეთებთ ამ პროექტს”, – აცხადებს ვალერი კვარაცხელია.

პირველ ეტაპზე, ვალდებულების შესაბამისად, სახელმწიფოს 5 000 პაციენტისთვის უნდა ემკურნალა. თუმცა, 30 სექტემბრის მონაცემებით, მკურნალობა ჯერ მხოლოდ 3023-მა პაციენტმა დაიწყო, რომელთაგან 391-მა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მკურნალობა უკვე დაასრულა.

“პირველი ეტაპის დასასრულისთვის პრეპარატის 3 ათასი ფლაკონია კიდევ გადმოსაცემი”, – ამბობს კვარაცხელია.

მკურნალობის პირველი ეტაპის დასახურად, სახელმწიფომ კიდევ 2000-მდე პაციენტს უნდა უმკურნალოს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემებითვე, დღეისთვის, დიაგნოსტიკური კვლევები კიდევ 12 626 მოქალაქეს აქვს დაწყებული.

კითხვაზე, ელიმინაციის მეორე ეტაპში ჩასართავად, დასჭრიდებათ თუ არა განმეორებითი კვლევები მათ, ვინც C ჰეპატიტზე, სახელმწიფოს ჩართულობით, გარკვეული გამოკვლევები უკვე გაიარა, ექიმი ინფექციონისტი, C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი და კლინიკა “ნეოლაბის” [NeoLab] წარმომადგენელი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ ამის საჭიროება აღარ იქნება.

“სახელმწიფო დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის შესაბამისად, არსებული სამი თვის ნაცვლად, გამოკვლევების ხანგრძლივობა 6 თვემდე გაიზარდა, რათა მათ, ვისაც დიაგნოსტიკა გავლილი  ჰქონდა, განმეორებითი არ დასჭირვებოდათ. შესაბამისად, ვისაც რა გამოკლვევა აქვს ჩატარებული, მეორე ეტაპისთვის გამოადგებათ”, – აცხადებს ბუწაშვილი.

მისივე განმარტებით, მეორე ეტაპის მომლოდინე პაციენტებს გამოკვლევების მხოლოდ ნაწილი აქვთ ჩატარებული.

“როგორც კი, ფიბროზის დაბალ ხარისხს მივადგებით, ჩერდება გამოკვლვევები. მეორე ეტაპისთვის, ჯერჯერობით, დიაგნოსტიკას ბოლომდე ისევ არ ვაკეთებთ, ვინაიდან ოფიციალურად ელიმინაციის პროგრამის მეორე ეტაპი არ გამოცხადებულა. როგორც გამოცხადდება, შესაძლებელი იქნება ამ პაციენტების ბოლომდე დიაგნოსტირებაც.

თუმცა, მინდა დავამშვიდო ეს ადამიანები, რომლებიც ღელავენ მკურნალობის დაწყების გამო: C ჰეპატიტი არ არის ის დაავადება, რომელიც სწრაფად პროგრესირებს. ვადებზე სანერვიულო არ აქვთ. ამასთან, ვიმედოვნებთ, მეორე ეტაპამდე დარეგისტირებული ყველა პაციენტი წლის ბოლოდან მკურნალობის დაწყებას შეძლებს”, – ამბობს მაია ბუწაშვილი.

საქართველოს მთავრობასა და ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია “გილეადს” შორის მემორანდუმს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის C ჰეპატიტის ახალი პრეპარატით უფასო მკურნალობას ითვალისწინებს, ხელი 2015 წლის 21 აპრილს თბილისში მოაწერეს.

hepatiti.ge

იხილეთ ასევე

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ.

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა !

საქართველო ევროპისთვის სამაგალითო ქვეყანაა ! ჯანმო-ს ევროპის რეგიონული ბიურო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის შესახებ. …