ვანის მაჟორიტარი დეპუტატი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა ლეჟავა ფარმაცევტულ ბაზრაზე არსებულ სიტუაციას ეხმაურება და აცხადებს, ლარის კურსის ცვალებადობამ მედიკამენტების ფასზეც იქონია გავლენა.
„ჯანდაცვის მინისტრმა თავის დროზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ თუ დაიწყებოდა მედიკამენტების ფასების ზრდა, ლარის კურსიდან გამომდინარე, სამინისტრო მოახდენდა დოტაციას. ჩვენ აუცილებლად უნდა შევახსენოთ ამ განცხადების შესახებ, რომ რეაგირება მოახდინონ.
მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც ლარის ნიშნულმა წარმოუდგენელ მაჩვენებელს მიაღწია. პენსიონერებს და რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობას განსაკუთრებით უჭირს და ამიტომ, რეაგირება უნდა მოახდინონ, აუცილებლად.
მისივე თქმით, აუცილებელია მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება, რადგან ბაზარზე უხარისხო პრეპარატებია.
„ვეთანხმები იმ აზრს, რომ მედიკამენტების კონტროლის მექანიზმი აუცილებლად უნდა არსებობდეს. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ პირველადი მოხმარების მედიკამენტები, როგორიცაა სიცხის დამწევი, გრიპის საწინააღმდეგო და ა.შ. ევროპაში ნაყიდ პრეპარატს გაცილებით მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე ჩვენთან შეძენილს.
აქედან გამომდინარე დიახ, საქართველოში დაბალი ხარისხის მედიკამენტები შემოდის, პირადად ვხედავ ამ განსხვავებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ ევროპულ მოდელზე გადასვლა, რაც გულისხმობს მედიკამენტების ხარისხის მაქსიმალურ კონტროლს, მისაღები და მისასალმებელი იქნება.
მაღალი ხარისხის პრეპარატს შედეგი აქვს სწრაფი და გამოკვეთილი, შესაბამისად, მაღალი ხარისხის, მედიკამენტმა შესაძლოა გაცილებით უკეთესი ეფექტი მოგვცეს დროში და უფრო ნაკლები მედიკამენტით, ვიდრე აქ ნაყიდმა უხარისხომ, რომლის მოხმარებაც ორჯერ მეტად გვიწევს, მისი დაბალი ეფექტურობის გამო“, – განაცხადა პაატა ლეჟავამ.