„ავერსის“ გენერალური დირექტორი პაატა კურტანიძე ფარმაცევტულ ბაზარზე ,,ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას ეხმაურება. მან დადებითად შეაფასა ახალი მოთამაშის გამოჩენა და აღნიშნა, რომ ამით სააფთიაქო ქსელში მედიკამენტების არჩევანი კიდევ უფრო გაფართოვდება.
ამის შესახებ კურტანიძემ ფარმაცევტული კომპანიების ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე გუშინ გააკეთა.
კურტანიძე ჰუმანითი ჯორჯიას კონკურენტად განიხილავს ფარმაცევტული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით, რამდენადაც „ჰუმანითი ჯორჯია“ ქარხნის აშენებას და წარმოების ბიზნესში შესვლასაც გეგმავს. თუმცა, „ავერსის“ გენერალურ დირექტორს ეს ფაქტიც მისაღებ და დადებით მოვლენად მიაჩნია. კურტანიძის განცხადებით, ბიზნესში კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა და ეს პროცესი ყველამ დადებითად უნდა აღიქვას.
„ავერსი პირველ რიგში არის სააფთიაქო ქსელი და არის ასევე ფარმაცევტული წარმოება, „ჰუმანითი ჯორჯია“ და ნებისმიერი კომპანია, რომელიც ან მწარმოებელია ან დისტრიბუტორია და საქართველოში შემოიტანს წამლებს, იქნება „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის პარტნიორი, ხოლო კონკურენტი წარმოების კუთხით. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, პირიქით ჩვენ მივესალმებით, რაც შეიძლება დიდი არჩევანი ჰქონდეს მოსახლეობას და ექიმებს, როგორც წამლების ასორტიმენტის მხრივ, ისე ფასების კუთხით. რაც შეეხება წარმოებას, ცალსახაა, რომ კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა“, – ამბობს პაატა კურტანიძე.