მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » პაატა ბაირახტარი წამლების გაძვირებაზე: „ამ ოლიგოპოლიურ ბიზნესთან მხოლოდ გაფრთხილებები არ ჭრის“

პაატა ბაირახტარი წამლების გაძვირებაზე: „ამ ოლიგოპოლიურ ბიზნესთან მხოლოდ გაფრთხილებები არ ჭრის“

არ არსებობს ლოგიკური და ობიექტური ახსნა იმისა თუ რატომ გაიზარდა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. ამის შესახებ ეკონომისტი პაატა ბაირახტარი აცხადებს.

„თუ შევხედავთ გლობალურ პროცესებს, ასევე ქვეყნის შიგნით არსებულ პარამეტრებსა თუ გარემოებებს, არ არსებობს ლოგიკური და ობიექტური ახსნა იმისა თუ რატომ გაიზარდა ამ მედიკამენტები ფასები. თანაც ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე გარემოებას, პირველი – ჩვენ არ ვსაუბრობთ ფასების მცირე ცვლილებაზე, ფასები მედიკამენტებზე გაიზარდა 100-200%-ით ხოლო რიგ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასების ზრდაც კი ფიქსირდება. მეორე უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ფასების ცვლილება მოხდა იმ მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტულ ფასს მიღმაა. ხოლო, მესამე და უმთავრესი არის ის, რომ ეს არის ის მედიკამენტები, რომელსაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს. ანუ რა მოხდა: კომპანიებმა გადაწყვიტეს ის არაპროპორციული (ყველ შემთხვევაში ევროპის მაშტაბით ყველაზე მაღალი მოგება), რომელსაც რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ვეღარ იღებდნენ, სხვა მედიკამენტებიდან დაებალანსებინათ და ეს გახლდათ სწორედ ონკოლოგიური მედიკამენტები,“- განაცხადა ბაირახტარმა.

რაც შეეხება ფარმაცევტული სექტორის არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასებმა გასული წლის სექტემბრიდან კლება დაიწყო, რისი მიზეზიც კომპანიების მარაგებში არსებული ნაშთების სწრაფი რეალიზაცია იყო ვადის გასვლის თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ამის შემდეგ თურქეთში მედიკამენტები გაძვირდა და ყველა კომპანიას მოუწია მარტში თურქეთიდან გაზრდილი ღირებულების პრეპარატების იმპორტი, ბაირახტარი აცხადებს, რომ  ეს „სრულიად არაფრისმთქმელი განცხადება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.“

„როგორც განცხადებიდან ვიგებთ, პირვანდელი ფასების მიზეზი იყო ის, რომ რიგ მედიკამენტებს ვადა გასდიოდა და კომპანიებმა ის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდეს. ეს თეორია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, როგორ წარმოგიდგენიათ 4 სხვადასხვა კომპანიაში ერთსა და იმავე მედიკამენტს, ერთსა და იმავე დროს გაუვიდა ვადა ?! და ასევე ამ კომპანიებმა ზუსტად ერთნაირი ფასები დაადეს შემდგომში ამ მედიკამენტებს?! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ სიაში მხოლოდ რეფერენტულ ფასს მიღმა არსებული მედიკამენტები მოხვდა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ბაზარზე შეთანხმებული ფასებით ოპერირებას. რაც კონკურენციის კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევაა. აქვე არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი დარღვევის აშკარა ნიშნები იმავე ბიზნესოპერატორების მხრიდან თებერვლის თვეშიც ფიქსირდებოდა,“- განაცხადა ბაირახტარნმა

კითხვაზე, რა სისტემური გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციაში, რომ კომპანიებს არ ჰქონდეთ ფასების ხელოვნური ზრდის საშუალება, ეკონომისტი ამბობს, რომ გამოსავალი რამდენიმეა. პირველი არის მარეგულირებელი და მისი მხრიდან მკაცრი სანქციები, რადგან ამ ოლიგოპოლიურ ბიზნესთან მხოლოდ გაფრთხილებები არ ჭრის.

„მეორე შედარებით უფრო სისტემური ნაბიჯი არის ბაზარზე ვერტიკალური წვდომის მეტ-ნაკლები რეგულირება. რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდის კონკურენციას ამ ბაზარზე,“- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …