თურქეთიდან მედიკამენტების დაბალ ფასად შემოტანის შედეგად ფასები შესაძლებელია ბაზრის გარკვეულ ნაწილში შემცირდეს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ახალი მოთამაშეებისა და მეტი კონკურენციის გარეშე, ხელშესახები და უფრო ფართომასშტაბიანი შედეგი ფასების მიმართულებით მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.
კითხვაზე – თუკი თურქული ბაზრის გახსნით, ორ თვეში შესაძლებელი გახდა ფასების საგრძნობი ვარდნა თუნდაც წამლების მცირე ჯგუფზე, რატომ არ ხდებოდა ეს მანამდე – ბაირახტარი ამბობს, რომ როგორც ბევრი სხვა რამ ჩვენს ქვეყანაში, ეს საკითხიც ბიუროკრატიასა და რეგულაციებს უკავშირდებოდა.
„თურქეთიდან არ ხორციელდებოდა მედიკამენტების იმპორტი, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა მწარმოებლისგან ითხოვდა სერთიფიკატს და მხოლოდ პარალელური დაშვებით არ ხდებოდა მედიკამენტების შემოტანა ქვეყანაში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთან თვლიდნენ, რომ თურქეთში ვერ ხვდებოდნენ ამდენს და იქაური მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს უხარისხო მედიკამენტებს სთავაზობდა. ჩვენთან კი „ხალხზე ზრუნვის“ არგუმენტით, უშუალოდ მწარმოებლის ხარისხის სერთიფიკატის გარეშე, მესამე ქვეყნიდან მედიკამენტის შემოტანას ამ მოტივით ზღუდავდნენ. ეს ცხადია ფასს ზრდიდა, სწორედ ამ ბარიერის მოხსნამ შეამცირა ფასი,“- განმარტავს ბაირახტარი.
მისი თქმით, არგუმენტი, თითქოს შესაძლოა თურქეთიდან უხარისხო მედიკამენტი შემოვიდეს, უბრალოდ ტყუილია, რომელიც ქართულმა ფარმაცევტულმა გიგანტებმა მოიფიქრეს საკუთარი დომინირებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
„როგორ წარმოგიდგენიათ, თურქეთში, სადაც მედიცინა რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას, ვიდრე ქართული, უხარისხო მედიკამენტებს მოიხმარენ წლების განმავლობაში? იქაურმა ხელისუფლებამ ეს რისკი ვერ დაინახა და მხოლოდ ჩვენი ფარმაცევტული გიგანტები ამჩნევენ ამ რისკს ?! მეორეც: როგორც ყველა პროდუქტში, ასევეა მადიკამენტებში, ადამიანები ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევენ და თუ ადამიანი ნახავს, რომ თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტზე ეფექტური ქართული წამალია, მერწმუნეთ, თავად აღარ შეიძენს თურქულს. თუმცა არ მგონია, ქართული მედიკამენტების ეფექტურობა, საერთოდ ახლოს მიდიოდეს თურქულთან. ასე რომ ამ მიმართულებით მე რისკს საერთოდ ვერ ვხედავ იმის მიუხედავად, გვექნება თუ არა ხარისხის ლაბორატორია, რომელიც სხვათა შორის ბოლო ათი წელია ყოველ წელს იქმნება და ჯერაც ვერ შეიქმნა,“- განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
17 იანვრიდან საქართველოსთვის თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ცვლილების შედეგად ის ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც თურქეთის ბაზარზეა აკრედიტებული, მათ შორის როგორც თურქული, ისე არათურქული წარმოების, საქართველოს ბაზარზეც ავტომატურად იქნება აღიარებული. თურქეთიდან იმპორტირებული დაბალფასიანი მედიკამენტები აფთიაქებში, უკვე გამოჩნდა.