საქართველოში ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშესაწყობად ტრეინინგები იწყება.
აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთს შორის 2021 წლის 25 მაისს ხელმოწერილი მემორანდუმი, რომლის მიზანია საქართველოში ორგანოთა დონაციისა და გადანერგვის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად მემორანდუმი მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებასთან ერთად ითვალისწინებს საქართველოში ტრეინინგების ციკლის ჩატარებასაც.
ტრეინინგები მოიცავს როგორც ლექციების ნაწილს, ისე უშუალოდ კლინიკაში მუშაობას – რეანიმაციული განყოფილებიდან მოხდება აუდიო-ვიზუალური კონტაქტი საკონფერენციო დარბაზთან. ტრეინინგები ჩატარდება 3 ეტაპად. პირველი ეტაპი ოთხდღიანია და ითვალისწინებს ლექციებს და კლინიკაში ტრეინინგებს ინტენსიური თერაპიის ძირითად საკითხებზე.
მეორე ეტაპი ჩატარდება თებერვლის ბოლოს და მიეძღვნება თავის ტვინის დიაგნოსტიკის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; მესამე ეტაპი ჩატარდება მარტის ბოლოს და მიეძღვნება საქართველოში ტრანსპლანტაციის კოორდინაციისა და სათანადო ინფრასტრუქტურის საკითხებს. მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი, რომლითაც დადასტურდება, რომ ტრეინინგი აკრედიტირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.
ორგანოთა გადანერგვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოსა და თურქეთს შორის მემორანდუმი 2021 წლის 25 მაისს გაფორმდა. ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა. პროექტი TIKA-ს დაფინანსებით ხორციელდება.
საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის გია თომაძის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია ტრანსპლანტალოგიის განვითარება და მათ შორის გვამური დონაციის დაწყება, რომლის პრაქტიკაც საქართველოში არ არსებობს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრანსპლანტაცია არასაკმარისი რაოდენობით ხორციელდება. გვამური დონაცია – ესაა გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გამოყენება მათი შემდგომი გადანერგვის მიზნით. გვამური დონაციის დაწყებას სპეციალური ინფრასტრუქტურა და ლაბორატორია სჭირდება, სადაც ჩატარდება პაციენტთა სკრინინგი იმუნოლოგიურ პარამეტრებზე, რათა ვიცოდეთ, როგორ შეითვისებს ორგანიზმი ახალ ორგანოს და რა რისკები არსებობს ამ კუთხით.
მისი თქმით, გაცნობიერებული უნდა იყოს თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის ფენომენი. ესაა ადამიანის სიკვდილი, მდგომარეობა, რომელიც შეუქცევადია. „უნდა აეხსნას ექიმებსაც და საზოგადოებასაც, როგორ ხდება ამ დიაგნოზის დასმა და ეს კრიტერიუმები უკვე დამტკიცებულია. ესაა ტვინის ფუნქციის სრული და შეუქცევადი შეწყვეტა, რაც ინსტრუმენტულად, სპეციალური აპარატურის საშუალებით დასტურდება. ამ დროს გულისცემა შენარჩუნებულია, რადგან სუნთქვის პროცესი ხელოვნურად, აპარატის დახმარებით ხორციელდება. თუმცა უკვე არის ქვეყნები, სადაც გარკვეული ორგანოების გადანერგვა გულის გაჩერების შემდეგაც ხდება,“ – აცხადებს თომაძე.
საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც დონორთა ბარათები აქვთ ანუ დაფიქსირებული აქვთ შესაბამის გარემოებაში საკუთარი ორგანოების სხვა ადამიანებისთვის გადანერგვის სურვილი. ამ სურვილის დაფიქსირება შესაძლოა ონლაინ http://transplantation.ge/ ან ტრანსპლანტალოგთა ასოციაციაში გამოცხადების გზით.
„ესენი არიან, ჩემი აზრით, საღად მოაზროვნე ადამიანები. თუმცა ამას პრაქტიკული შედეგი ჯერ არ აქვს. ამას ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ორგანოთა გაცვლის სისტემაში გაერთიანებული ქვეყანა. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ სისტემის პრინციპის თანახმად, ხდება ორგანოების გაცვლა, რის შესაძლებლობასაც, გვამური დონაციის არარსებობის გამო, მოკლებული ვართ,“ – აცხადებს გია თომაძე.