გარდაცვალების შემთხვევაში საკუთარი ორგანოს გადანერგვის მსურველთა რაოდენობა საქართველოში ცოტაა. თუმცა ეს არაა გადამწყვეტი, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ადამიანის ორგანოს სხვისთვის გადანერგვის შესახებ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახი იღებს. უბრალოდ ის ფაქტი, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სიცოცხლეში თანხმობა, უადვილებს მათ გადაწყვეტილების მიღებას. ამის შესახებ საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა გია თომაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში ორგანოების ძირითად წყაროს წარმოადგენს გარდაცვლილი ადამიანი, შესაბამისად, გვამურ დონაციაზე ტრასნპლანტაციების 60-70% მოდის, რაც საქართველოში არაა.
სწორედ ამ დარგის განვითარებას ემსახურება ის ტრენინგები, რომლებიც საქართველოში თურქული მხარის დახმარებით დაიწყო.
აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთს შორის 2021 წლის 25 მაისს ხელმოწერილი მემორანდუმი. ოთხმხრივი მემორანდუმი ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციას, თურქეთის ტრანსპლანტოლოგიის საზოგადოებასა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) შორის გაფორმდა.
ტრეინინგები მოიცავს როგორც ლექციების ნაწილს, ისე უშუალოდ კლინიკაში მუშაობას – რეანიმაციული განყოფილებიდან მოხდება აუდიო-ვიზუალური კონტაქტი საკონფერენციო დარბაზთან. მეორე ეტაპი გულისხმობს თავის ტვინის დიაგნოსტიკის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; მესამე ეტაპი ჩატარდება მარტის ბოლოს და მიეძღვნება საქართველოში ტრანსპლანტაციის კოორდინაციისა და სათანადო ინფრასტრუქტურის საკითხებს.
მემორანდუმის მიზანია ტრანსპლანტალოგიის განვითარება და მათ შორის გვამური დონაციის დაწყებაა რომლის პრაქტიკაც საქართველოში არ არსებობს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ჩვენს ქვეყანაში ტრანსპლანტაცია არასაკმარისი რაოდენობით ხორციელდება. გვამური დონაცია – ესაა გარდაცვლილი ადამიანის ორგანოების გამოყენება მათი შემდგომი გადანერგვის მიზნით. გვამური დონაციის დაწყებას სპეციალური ინფრასტრუქტურა და ლაბორატორია სჭირდება, სადაც ჩატარდება პაციენტთა სკრინინგი იმუნოლოგიურ პარამეტრებზე, რათა ვიცოდეთ, როგორ შეითვისებს ორგანიზმი ახალ ორგანოს და რა რისკები არსებობს ამ კუთხით.
საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც დონორთა ბარათები აქვთ ანუ დაფიქსირებული აქვთ შესაბამის გარემოებაში საკუთარი ორგანოების სხვა ადამიანებისთვის გადანერგვის სურვილი. ამ სურვილის დაფიქსირება შესაძლოა ონლაინ http://transplantation.ge/ ან ტრანსპლანტალოგთა ასოციაციაში გამოცხადების გზით.
„ესენი არიან, ჩემი აზრით, საღად მოაზროვნე ადამიანები. თუმცა ამას პრაქტიკული შედეგი ჯერ არ აქვს. ამას ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ორგანოთა გაცვლის სისტემაში გაერთიანებული ქვეყანა. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ სისტემის პრინციპის თანახმად, ხდება ორგანოების გაცვლა, რის შესაძლებლობასაც, გვამური დონაციის არარსებობის გამო, მოკლებული ვართ,“ – აცხადებს გია თომაძე.
თუ გსურთ თქვენი გარდაცვალების შემდეგ აჩუქოთ სიცოცხლე სხვა მომაკვდავ ადამიანს ან დაუბრუნოთ მხედველობა უსინათლოს, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ “ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში” როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე ტელეფონის საშუალებით (ტელ. N 277-18-19) ან პირადად მოსვლით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში
(თბილისი, წინანდლის ქ.9, მეტრო “300 არაგველთან”, ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული, ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზა).
გვამური დონაციის პრინციპი ასეთია: ექიმები ბოლო წუთამდე უნდა ცდილობდნენ პაციენტის გადარჩენას, ხოლო როდესაც უკვე დგება ტვინის სიკვდილი, მის ახლობელს ეცნობება, რომ არის საშუალება, გარდაცვლილის ორგანოებმა 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს.
თუ გარდაცვლილს სიცოცხლეში აქვს დაფიქსირებული მისი ორგანოების დონაციის მიზნით გამოყენების სურვილი, ასეთ შემთხვევაშიც საბოლოო სიტყვა მაინც მის ახლობელზეა და თუ ახლობელმა უარი თქვა, გადანერგვა ვერ მოხდება. თუმცა თუ ადამიანს სიცოცხლეში აქვს დაფიქსირებული დონორობის სურვილი, ახლობლისთვის ეს გადაწყვეტილების მიღების სტიმულია.
თირკმლის პირველი გადანერგვა საქართველოში განხორციელდა 1977 წელს. ეს იყო გვამური ტრანსპლანტაცია.
ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 500-მდეა.
მათ შორის არიან თირკმელგადანერგილები, ღვიძლგადანერგილები, გულგადანერგილი პაციენტები.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ღვიძლისა და თიქრკმკლის გადანერგვის ოპერაციები ტარდება, რომლებიც ცოცხალი დონორისგან ხორციელდება. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან “დონორთა გაცვლის პროგრამაში” მონაწილეობის შემთხვევაში. 2015 წლიდან დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად მეგობარი, ნათლია და სხვ. ამ შემთხვევაში ნებართვას გადანერგვის წარმოებაზე იძლევა სასამართლო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში – ჯანდაცვის სამინისტრო.