ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების შესაძლო ხელოვნურ ზრდასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, რომლის ფარგლებშიც ამ მედიკამენტებს სახელმწიფო აფინანსებს, იდენტური ფასები დააწესეს.
„ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს და პროგრამისთვის, იდენტური ფასები დააწესეს.
აღნიშნული ფაქტით, ცხადად დასტურდება ბაზრის მოთამაშეებს შორის, ონკოლოგიური პაციენტების და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედების ფაქტი.
წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს.
ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება, აღნიშნულისთვის კი მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მსგავს შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი,უახლოეს დღეებში მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.