მთავარი » დაზღვევა » ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

ონკოპაციენტები, რომლებსაც სადაზღვევო სისტემა სრულფასოვანი მკურნალობის გარეშე ტოვებს

40 წლის მაია ხარაიშვილის ისტორია არა მხოლოდ ერთი ონკოპაციენტის, არამედ ყველა იმ ადამიანის ისტორიაა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებსაც რთული დიაგნოზი დაუსვეს.

გამოჯანმრთელებისკენ მიმავალი გზა, რომლის შესახებაც მაია გვიყვება, მხოლოდ ოპერაციაზე და გადასხმის პროცედურებზე არ გადიოდა.  ამ გზაზე პაციენტის მთავარი საზრუნავი ფინანსების მოძიება და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა იყო.

“როდესაც ძუძუს სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, სამსახურიდან 80%-იანი, საკმაოდ მაღალი სადაზღვევო პაკეტი მქონდა, თუმცა ცალკე ონკოლოგიისთვის მასში ლიმიტები არ იყო განსაზღვრული. ამბულატორიული სერვისებისთვის გამოყოფილი ლიმიტი მალევე ამოიწურა, რადგან მაგალითად 5 ათასი ლარის ანალიზები ონკოპაციენტისთვის ძალიან ცოტაა. სადაზღვევო პაკეტით დამიფინანსდა ქირურგია – ოპერაციის ღირებულება. თუმცა გადასხმები, რომლებიც ოპერაციამდე უნდა ჩამეტარებინა და ძალიან ძვირი ჯდებოდა, დაზღვევით არ იფარებოდა. შედარებით უკეთესი პირობებით ვისარგებლებდი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. თუმცა კერძო დაზღვევიდან საყოველთაოში გადასვლისთვის რამდენიმეთვიანი პერიოდი იყო საჭირო, რაც დაავადების დამძიმებას გამოიწვევდა.  შემდეგი ვარიანტი ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური პროგრამაა, თუმცა ამ პროგრამიდან დაფინანსების მოპოვებისთვისაც გარკვეული დროა საჭირო. ონკოპაციენტის დიაგნოზი კი იმდენად სწრაფ მკურნალობას მოითხოვს, რომ მისი გადადება ჯანმრთელობისთვის დიდ რისკებს ქმნის.  როდესაც ადამიანი სიმსივნითაა დაავადებული, მას ლოდინის დრო არ აქვს, მისთვის დროის დაკარგვა უმძიმესი შედეგების მომტანია, ” – გვიყვება პაციენტი, რომელიც ნაცნობებისა და მეგობრების იმედად დარჩა.  ამ უკანასკნელებმა თანხის მობილიზება დაიწყეს. შედეგად, მაიას არცერთი გადასხმის გაკეთება არ დაუგვიანია და მითუმეტეს არც ჩაუგდია. წარმატებული ოპერაციების შემდეგ სხივური თერაპია დაიწყო, რაც ასევე ახლობლებმა დაუფინანსეს. ამ პროცედურებმაც წარმატებით ჩაიარა და დღეს მაია სრულიად განკურნებულია.

დღეს, როცა მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი ჩავლილია, მაია იმ ონკოპაციენტებზე ფიქრობს, რომლებიც ახლა გადიან ამ რთულ გზას  ან მომავალში მოუწევთ მისი გავლა. არ აქვს ფორმულა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა, მაგრამ ამბობს, რომ ცვლილებები აუცილებელია.

„ჩვენ, გარკვეული შემოსავლის მქონე ადამიანები, ვიხდით გადასახადებსაც სახელმწიფო ბიუჯეტში და სადაზღვევო პრემიასაც. სამართლიანი იქნება, რომ კერძო დაზღვევის ფარგლებში გვქონდეს მინიმუმ ისეთი ონკოლოგიური პაკეტი, როგორიც აქვთ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მყოფ მოქალაქეებს,“ – ამბობს მაია.

სრულიად განსხვავებულია კიდევ ერთი ონკოპაციენტის მარინა ტაბატაძის ისტორია, რომელსაც სოცდაუცველის სტატუსი აქვს და ერთერთ რეგიონში ცხოვრობს. მას ასევე აგრესიული ფორმის სიმსივნე ჰქონდა. თუმცა ის თავიდანვე საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე იყო და სტატუსიდან გამომდინარე, დაფინანსებაც სრულად, ყოველგვარი თანაგადახდის გარეშე მიიღო. ამბობს, რომ  რადგან მისი მკურნალობა საერთო სისტემით, საყოველთაო ჯანდაცვით წარიმართა, დაფინანსების კუთხით პრობლემები არ ჰქონია. ქიმიოთერაპია, ოპერაციაც და შემდგომი სხივური თერაპიაც მას სრულად დაუფინანსა სახელმწიფომ.

გამოვიდა, რომ სახელმწიფომ ერთნაირი დიაგნოზით დაავადებულ ორ ადამიანზე განსხვავებულად იზრუნა. ამის მიზეზი ისაა, რომ მაიას თვეში გარკვეული შემოსავალი აქვს, რის გამოც არჩევანი კერძო დაზღვევაზე გააკეთა, მარინას კი – არაფერი. თუმცა საშუალო და ხშირ შემთხვევაში საშუალოზე მაღალი ხელფასიც კი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ისევე არასაკმარისია, როგორც ის საარსებო შემწეობა, რომელსაც მარინას ოჯახი იღებს. მიზეზი, რის გამოც გარკვეული შემოსავლის მქონე ადამიანები არჩევანს კერძო დაზღვევაზე აკეთებენ, ისაა, რომ სურთ უკეთესი დაზღვევის მიღება და არა – საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდული პაკეტის. თუმცა, როდესაც ის ონკოლოგიური დიაგნოზის წინაშე დგებიან, კერძო დაზღვევა მათ სათანადო დაფინანსებას ვერ სთავაზობს. მიზეზი კი ისაა, რომ დღეს ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, უნივერსალური საბაზისო პაკეტი, რომელზე უარესი პაკეტის შეთავაზების უფლებაც სადაზღვევო კომპანიას არ ექნება. ამ პაკეტში კი ონკოლოგიური სერვისების აუცილებელი დაფინანსებაც სავალდებულო წესით იქნებოდა განსაზღვრული.

„როცა საქმე სიმსივნურ დაავადებებს ეხება, ყველა მოქალაქე თანასწორი უნდა იყოს. საუბარია დაავადებაზე, რომელიც, მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში სიცოცხლესთან შეუთავსებელია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ სისტემის შეცვლაზე. უცხოეთის ქვეყნებში ხომ ფინანსდებიან ასეთი პაციენტები? ხომ არსებობს უკვე აპრობირებული, დაზღვევის ეფექტური სისტემები მსოფლიოში? სპეციალისტებმა აუცილებლად უნდა იფიქრონ ამაზე და უნდა დაიწყოს ამ სისტემის შეცვლა,“ – აღნიშნავს მაია ხარაიშვილი.

ის სისტემა, რომელიც ამ ორ პაციენტს შეეხო, ათასობით სხვა დაავადებულსაც ეხება და მომავალშიც შეეხება. ასეთი მდგომარეობის მიზეზი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დღეს მოქმედი შემდეგი ლოგიკაა:

თუ ადამიანს აქვს 1000 ლარზე მეტი თუმცა მაქსიმუმ 3300-ლარიანი შემოსავალი თვეში, მან უნდა აირჩიოს – ან საყოველთაო ჯანდაცვით ისარგებლოს ან კერძო დაზღვევა შეიძინოს (ამ შემთხვევაში მას შეუნარჩუნდება ქიმიო და ჰორმონოთერაპია). ანუ თუ კერძო დაზღვევას შეიძენს, საყოველთაოთი ვეღარ ისარგებლებს, ხოლო თუ საყოველთაოში დარჩება, მხოლოდ შეზღუდული პაკეტზე ექნება წვდომა. ამ შემთხვევაში ყველაზე სამართლიანი მიდგომა იქნება,  კერძო სადაზღვევო სექტორმა თავის პაკეტში შეიტანოს ონკოლოგიის დაფინანსება და შესაბამისად, პაციენტის წვდომა ონკოლოგიურ მკურნალობაზე გაორმაგდება.

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ორივე – სახელმწიფო და კერძო დაზღვევის ქონის უფლება. თუმცა ესენი მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები (სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ბავშვები, პედაგოგები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, შშმ პირები)   და 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლების მქონე ან თვითდასაქმებული ადამიანები არიან და, შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვაზე კერძო დაზღვევის „დაშენების“ უფლებას უბრალოდ ვერ იყენებს ან არ აქვს გააზრებული ამის აუცილებლობა.

ექსპერტების დიდი ნაწილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედი სისტემა დისკრიმინაციულია და ამ დისკრიმინაციის გამოსწორება ერთიანი, უნივერსალური პაკეტის შექმნამდე შეუძლებელია. ამ სისტემის გამო ექსპერტები, ექიმები და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები წლებია, სთხოვენ სახელმწიფოს, შეცვალოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და პაკეტის „დაშენების“ უფლება ყველა ადამიანს მისცეს.

ეს თემა კიდევ უფრო გააქტიურდა „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ. საქმე ისაა, რომ 1 ნოემბრამდე მოქმედი წესით, ნებისმიერ ადამიანს უფლება ჰქონდა, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სერვისებთან ერთად დამატებითი მომსახურება მიეღო (მაგალითად, აეყვანა სასურველი ექიმი, მოეთხოვა სასურველი სახარჯი მასალა – მაგალითად სტენტი და ა.შ.) და ამაში თანხა თავად გადაეხადა. ახალი წესით კი, რომელიც 1 ნოემბრიდან ამოქმედდა, კონკრეტული სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, თუ პაციენტს დამატებითი სერვისებით სარგებლობა სურს, შეუძლია ერთჯერადად, უშუალოდ ამ სამედიცინო ჩარევისთვის დატოვოს საყოველთაო ჯანდაცვა და ამ კონკრეტული ჩარევის მთლიანი ღირებულება თავად გადაიხადოს ან, კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში, ეს მას სადაზღვევო კომპანიამ დაუფინანსოს.

სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტის დევი  ხეჩინაშვილის თქმით, პირველი, რაც ამ ვითარებაში უნდა გაკეთდეს, არის „დაშენებული“ ანუ საყოველთაოს პარალელურად კერძო დაზღვევის შეძენის უფლების ყველა მოქალაქისთვის მიცემა. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გააუმჯობესონ „საყოველთაო ჯანდაცვის“ პირობები, მაგალითად დაფარონ მედიკამენტების ნაწილი. ამასთან, მისივე განმარტებით, ეს ცვლილება სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯების ზრდას არ გამოიწვევს. თუმცა, როგორც ხეჩინაშვილი ამბობს, მსგავსი ნაბიჯის გადადგმის ნება სახელმწიფოს მხრიდან არ ჩანს მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიებისა და სპეციალისტების მხრიდან არა ერთი და ორი წელია დგას.

იგივე პოზიცია აქვს ჯანდაცვის ასოციაციას. ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის მაია მახარაშვილის განცხადებით, „დაშენებული“ პაკეტი არ იქნება ძვირი, რადგან არ წარმოადგენს სრულფასოვან პაკეტს და, შესაბამისად, ამ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან ხარჯიანია და სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის მის დაფინანსებას, თუმცა ამის მიუხედავად არსებულ მოთხოვნას მაინც ვერ ეწევა. ეს მდგომარეობა რომ გამოსწორდეს და სახელმწიფო თანხებიც უფრო ეფექტიანად იყოს განკარგული, მახარაშვილის თქმით, იმ ჯგუფებს, რომლებიც ფინანსდებიან საყოველთაო ჯანდაცვით, თუმცა გარკვეული შემოსავლის გამო არ შეუძლიათ დამატებით კერძო დაზღვევის შეძენა, ამის უფლება უნდა მიეცეთ.

მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც პირობითად აქვთ 1000-ლარიანი ხელფასი, რის გამოც საყოველთაო ჯანდაცვის სრულფასოვანი პაკეტი არ აქვთ და 30%-იანი თანაგადახდა უწევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძვირადღირებულ სერვისებზე ძალიან დიდი თანხა უნდა გადაიხადონ. მაგალითად, თუ ოპერაცია 3 ათასი ლარი ღირს, 900 ლარის გადახდა უწევთ, რაც 1000-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანისთვის ძალიან დიდი ფინანსური ტვირთია.

როგორც ვხედავთ, მოქმედ წესს, რომელიც კერძო პაკეტის დაშენების უფლებას გარკვეულწილად ზღუდავს, არაერთი ნეგატიური შედეგი აქვს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ წესის ცვლილება უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, რაც სახელმწიფომ უნდა გადადგას, მითუმეტეს – დიარჯის ამოქმედების შემდეგ. მეორე საკითხია უნივერსალური, საბაზისო პაკეტის ამოქმედება, რომელიც მოიცავს ადამიანის დაზღვევის აუცილებელ მინიმუმს და რომელზე დაბალ პაკეტსაც მოქალაქეს ვერც სახელმწიფო და ვერც კერძო კომპანიები ვერ შესთავაზებენ.

ჯანდაცვის ექსპერტის თენგიზ ვერულავას თქმით, ასეთი პაკეტი აუცილებლად უნდა არსებობდეს და თანაც – სავალდებულო უნდა იყოს. მისი თქმით, სავალდებულო ბაზისური პაკეტი არის უნივერსალური დაზღვევის აუცილებელი კომპონენტი. ის არის ერთერთი გზა იმისა, რომ საზოგადოებაში სოლიდარობის პრინციპი დაინერგოს, რისკები გადაზღვეული იყოს და ისეთი მძიმე დაავადების მკურნალობა, როგორიცა სიმსივნე, ყველა მოქალაქისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს.

იგივეს ამბობს ექსპერტი თენგიზ შერგელაშვილი, რომლის თქმითაც, სწორედ ონკოლოგიაა იმის მაგალითი, რომ ქვეყანაში ჯანდაცვა უნივერსალური არ არის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, მაინც სახეზეა ორი ტიპის პრობლემა: პირველი შეეხება პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. მათთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტი  არ არის საკმარისი და მთელი რიგი სიმსივნეების დროს ისინი იძულებული არიან შეწყვიტონ მკურნალობა ან თავიდანვე აირჩიონ ნაკლებეფექტური, მაგრამ ფინანსურად დამზოგველი რეჟიმები. შედეგად მკურნალობაც და სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებიც არაეფექტურია.  მეორე პრობლემა შეეხება მოქალაქეებს, რომლებიც სარგებლობენ კერძო დაზღვევით, სადაც მცირე გამონაკლისების გარდა, პაციენტებს არ აქვთ ხელმისაწვდომობა მედიკამენტოზური მკურნალობის იმ მოცულობაზეც კი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი ფარავს.

ექსპერტის თქმით, მილიონერია ადამიანი თუ სოცდაუცველი, ამის მიუხედავად ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს დაცული სტანდარტიზებული პაკეტით.  რაც შეეხება სადაზღვევო პრემიას, მასში სახელმწიფო უნდა მონაწილეობდეს  სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის სხვადასხვა სახით „შეხიდებით“. კერძოდ, იქნებიან ჯგუფები, რომლებსაც პრემიას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, გარკვეული კატეგორიის ადამიანების შემთხვევაში კი პრემია საშემოსავლო გადასახადიდან გაიქვითება. ამასთან, პაკეტში ჩადებული უნდა იყოს ოჯახის არასწრულწლოვანი წევრების დაზღვევის ვალდებულება და ასეთი პაკეტი უნდა იყოს გრძელვადიანი, 2-3-წლიანი.

საყოველთაო ჯანდაცვის დიზაინის ცვლილების აუცილებლობაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, სახელმწიფო კი ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს. თუმცა დიარჯის ამოქმედებამ ცვლილებების საჭიროება კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააუმჯობესონ საკუთარი პაკეტი და სურვილის შემთხვევაში, საყოველთაოსთან ერთად, სხვა დამატებითი სერვისების შეძენაც შეეძლოთ, რასაც „დაშენებული“ პაკეტით კერძო სადაზღვევო კომპანია აუნაზღაურებთ.

რას უპასუხებს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ გამოწვევას, რომელიც ძველი წესიდან მოდის – ჯერჯერობით უცნობია. თუმცა როგორც მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, სამინისტრო აკვირდება „დიარჯის“ დანერგვის მიმდინარეობას და გამოკვეთილი ხარვეზების საფუძველზე, უახლოეს პერიოდში სისტემის გაუმჯობესებისთვის საჭირო ნაბიჯების პაკეტი მომზადდება.

ცვლილებები და არსებული რეალობის გათვალისწინება ის აუცილებელი პირობაა, რამაც საყოველთაო ჯანდაცვა კიდევ უფრო უნდა გააუმჯობესოს და სახელმწიფო თანხების ხარჯვა უფრო მიზნობრივი და ეფექტიანი გახადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი მძიმე პაციენტები, როგორიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანები არიან, მოკლებულნი იქნებიან სრულფასოვან მკურნალობასა და თანამედროვე მედიცინის მიღწევებით სარგებლობას.

საყოველთოა ჯანდაცვის პროგრამაში ყველა ონკო პაციენტისთვის გამოყოფილია 25 000 ლარი წლიურ ჭრილში, თუმცა სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ მოცემული ლიმიტი ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი მრავალი სიმსივნური დაავადების სამკურნალოდ.

გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას გარკვეული ონკოლოგიური დაავადებებისა, თუ მკურნალობის დროს რა პერიოდში ხდება გამოყოფილი ლიმიტის გახარჯვა:

ჰორმონდადებითი ძუძუს კიბო – 2-3 თვე

კოლორექტული კიბო – 2-7 თვე

ფილტვის კიბო – 2-7 თვე

საკვერცხის კიბო – 2-4 თვე

პროსტატის კიბო – 5-6 თვე

თირკმლის კიბო – 4-5 თვე

ღვიძლის კიბო – 6 თვე

მელანომა – 3-5 თვე.

 

მონაცემები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ დღეის მდგომარეობით, ონკო პაციენტებისთვის გამოყოფილი წლიური ლიმიტი არასაკმარისია. პაციენტს არ აქვს სრულფასოვანი, უწყვეტი მკურნალობის შესაძლებლობა, რაც ხელს უშლის მიღებული შედეგების შენარჩუნებას და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას.

 

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …