მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შეძენა ფარმაცევტულ სექტორს არ დააზარალებს“
ინდური ფარმაცევტული წარმოება მსოფლიოში ცნობილია და კონკურენციას უწევს წამყვან კომპანიებს და ბრენდების იძულებულნი არიან, რომ მათი წარმოების ხარისხი აღიარონ.

„ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შეძენა ფარმაცევტულ სექტორს არ დააზარალებს“

სახელმწიფოს მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა ფარმაცევტულ სექტორს არ დააზარალებს, რადგან საუბარია მცირე სპექტრზე, ამასთან, ამ სეგმენტში მოგების მარჟები მაღალი არ არის.

ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა jandacva.ge-სთან საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ: ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ონკოპაციენტების მკურნალობის 25-ათასლარიანი ლიმიტის მოხსნა იგეგმება, თუმცა მანამდე მიღწეულ უნდა იქნას მედიკამენტებზე ფასების შემცირება როგორც რეფერენტული ფასების დაწესების, ისე მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, რთა არ მოხდეს ფასების მოულოდნელი ზრდა, რაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ მწარმოებლებთან მოლაპარაკება ახალი თემა არ არის და ამაზე საუბარი წინა წლებშიც მიმდინარეობდა. მისი თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს იმ კომპანიებთან, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე წარმომადგენლობები ჰყავთ, იმ კომპანიებთან მოლაპარაკება კი, რომლებსაც წარმომადგენლობები არ ჰყავთ, ამის გაკეთება გართულდება. თუმცა მარგველაშვილი ამბობს იმასაც, რომ სავსებით შესაძლებელია, პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, ამ მიდგომამ შედეგი უკვე წელს გამოიღოს და ონკოლოგიური მედიკამენტები წლის ბოლომდე გაიაფდეს, შესაბამისად, ონკოპაციენტების მკურნალობაზე წლიური ლიმიტი მოიხსნას.

„მთავარია, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები სახელმწიფოსა და მწარმოებელს შორის. თუ ისინი შეთანხმდებიან, მწარმოებელს ექნება გარანტირებული რაოდენობის შეკვეთები და ეს უზრუნველყოფს მედიკამენტების მიწოდების უწყვეტობას,“ – აცხადებს მარგველაშვილი და ამბობს იმასაც, რომ ფარმაცევტულ სექტორსა და სახელმწიფოს შორის დაძაბული ურთიერთობა არ უნდა იყოს და ურთიერთთანამშრომლობა მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელდეს.

მისივე განცხადებით, მოკლე პერიოდში ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი რეგულაცია ამოქმედდა, რასაც მხარეებს შორის ურთიერთბრალდებები მოჰყვა, თუმცა, მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონფრონტაციული განცხადებები აღარ ყოფილა, რაც იძლევა იმედს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და ფარმაცევტული  სექტორის ურთიერთობა არა ბრალდებებისა და ეჭვების გამოთქმის, არამედ არგუმენტების გაცვლით წარიმართება.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …