მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საქმეს, შესაძლოა, ახალი კომპანია – „ეს კა იმპექსი“ დაემატოს

ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საქმეს, შესაძლოა, ახალი კომპანია – „ეს კა იმპექსი“ დაემატოს

ფარმაცევტული კომპანიების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც, ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების გამო, კონკურენციის სააგენტო მოკვლევას ატარებს, შესაძლოა მეხუთე კომპანია დაემატოს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევას 4 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ და  თემა ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ერთნაირი ფასწარმოქმნის ფაქტს.

„მოკვლევა დავიწყეთ 4 კომპანიის მიმართ, თუმცა საქმის და მასალების დამუშავების პროცესში, რომელიც მოგვაწოდა ჯანდაცვის სამინისტრომ, შეიძლება ამ მოკვლევის პროცესს დაემატოს მეხუთე კომპანიაც. ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ პირველადი მონაცემების დამუშავებას, ამის შემდგომ ბუნებრივია კომპანიებთან განვახორციელებთ კომუნიკაციას, რათა მივიღოთ ახსნა-განმარტებები ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. მოკვლევა მიმდინარეობს შეთანხმებული ქმედების მიმართულებით, რაც გულისხმობს ე.წ კარტელურ გარიგებას, რომელიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ზუსტად ერთნაირი ფასების შეთავაზებას გულისხმობს. წინასწარ მოკვლევის შედეგებზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, თუმცა დაველოდოთ მოკვლევის დასრულებას, რომელიც ან დაადასტურებს ან უარყოფს აღნიშნულ გონივრულ ეჭვს, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავიწყეთ მოკვლევა,“ – განაცხადა ლექვინაძემ და აღნიშნა, რომ პირველადი შედეგები მოკვლევის დაწყებიდან სავარაუდოს 6 თვეში, ანუ სექტემბერში მომზადდება.

შეგახსენებთ: 23 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რამდენიმე კომპანიამ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური მედიკამენტები მკვეთრად გააძვირა. უწყების მაშინდელი განცხადების თანახმად, საუბარია აფთიაქებზე: „ავერსი,“ „პსპ ფარმა,“ „მერმისი,“ „ფარმადეპო“, „ჯიპისი“ („ფარმადეპო“ და „ჯიპისი“ ერთიანდება კომპანია „გეფაში“.)

რაც შეეხება მე-5 კომპანიას, როგორც jandacva.ge-სთვის გახდა ცნობილი, საუბარია კომპანიაზე „ეს კა იმპექსი“. ამასთან, აღნიშნულ კომპანიას არ აქვს კავშირი „იმპექსის“ ქსელთან.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …