მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საკითხის შესწავლას კონკურენციის სააგენტო 6 თვეში დაასრულებს

ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საკითხის შესწავლას კონკურენციის სააგენტო 6 თვეში დაასრულებს

5 ფარმაცევტული კომპანიის მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საკითხზე კონკურენციის სააგენტო მოკვლევას სავარაუდოდ 6 თვეში დაასრულებს.

ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.

„ჩვენი გონივრული ეჭვით, არის საკმარისი საფუძვლები იმისთვის, რომ სავარაუდო შეთანხმებული ქმედებების შესახებ მოკვლევა დაგვეწყო,“- ასე განმარტა ლექვინაძემ, თუ რატომ დაიწყო სააგენტომ ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საკითხის მოკვლევა. მან აღნიშნა, რომ 5-მა ფარმაცევტულმა კომპანიამ თეთრების სიზუსტით იდენტური შეთავაზება გააკეთა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და სწორედ ამის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, დაიწყო საკითხის შესწავლა.

„ამ ეტაპზე 5 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ ვახორციელებთ მოკვლევის პროცესს, გვაქვს 6 თვიანი ვადა განსაზღვრული და თემა ეხება შეთანხმებულ ქმედებას კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. საბოლოოდ დადგინდება თუ არა დარღვევა, ამას მოკვლევის პროცესი აჩვენებს, რომელიც საჯარო გახდება, სავარაუდოდ, 6 თვის შემდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მან ფარმაცევტულ ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე ცვლილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა პარალელური იმპორტის დაშვებას თურქული ბაზრიდან, რის შედეგადაც დაფიქსირდა ფასების 50-70%-იანი კლება რიგ მედიკამენტებზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. ლექვინაძის თქმით, მხოლოდ ამ გადაწყვეტილების შედეგად მომხმარებლებმა 200 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …