რა არის ჯენერიკი და რითი განსხვავდება ბრენდული მედიკამენტისგან? _ ზოგადად, ფარმაციაში “ორიგინალური ბრენდი – ინოვაციური სინთეზირებული ფორმულაა, რომლის შექმნას, კვლევას და ბაზარზე პირველად შესვლას დაახლოებით 10-12 წელი და ძვირადღირებული კვლევები სჭირდება, ასეთი წამლები დაცულია პატენტით.
მათ მფლობელებს, როგორც წესი, 20 წლიანი ექსკლუზივი აქვთ წამლის გაყიდვაზე, რაც განაპირობებს ამ კატეგორიის წამლების სიძვირეს.
საპატენტო შეზღუდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, წამლის წარმოების უფლება სხვა მწარმოებლებასაც ეძლევათ და ასე იქმნება ჯერ პირველი რიგის ჯენერიკები, რომლებსაც აღარ ესაჭიროებათ ის ძვირადღირებული კვლევები, რაც ინოვაციურ ფორმულას და საკმარისია დადასტურებული იქნას მათი ბიოექვივალენტობა შესაბამის რეფერენს-პრეპარატთან. შემდეგ იქმნება უკვე მეორე რიგის ჯენერიკები, მესამე და ა.შ.
რამდენად არის საქართველოში არსებული პირველადი ჯანდაცვის მოდელი ახლოს ევროპულ სტანდარტებთან, როგორია დღეს ოჯახის ექიმების კვალიფიკაცია არსებულ დიდ გამოწვევასთან, ოჯახის ექიმს აქვს თუ არა ჯენერიკის დანიშვნის უფლება და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრება, ექსპერტი საოჯახო მედიცინაში, ოჯახის ექიმი მარინა შიხაშვილი:
„ზოგადად პირველადი ჯანდაცვა ყველა ქვეყანაში აუცილებელია. ბაზისური ამბულატორიული მომსახურება, რომელიც მიეწოდება მოსახლეობას ოჯახის ექიმის ან მისი გუნდის მიერ.
ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის დაწყების შემდეგ საქართელოს ყველა მოსახლისა და ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის ხელმისაწვ დომი გახდა ოჯახის ექიმის მომსახურეობა.
პირველადი ჯანდაცვა, ზოგადად, არის ყოვლისმომცველი მიმდინარე უწყვეტი მომსახურეობა, რომელიც ორიენტირებულია პრევენციასა და პროაქტიულ ჩარევაზე, რაც ნიშნავს პირველად, მეორეულ და მესამეულ პრევენციას. ეს გულისხმობს ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და დამკვიდრებას, დაავადების გამოვლენას ნაადრევ სტადიაზე, უკვე დიაგნოსტირებული დაავადების მართვას და გართულებების პრევენციას.
ნებისმიერი მწვავე თუ ქრონიკული მდგომარეობის მართვა თავის თავში მოიცავს არაფარმაკოლოგიურ და ფარმაკოლოგიურ მენეჯმენტს.
არაფარმაკოლოგიური მეენეჯმენტი გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ან ქცევითი რისკ–ფაქტორების მოდიფიცირებას. რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ მენეჯმენტს, ეს უკვე ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას”, _ ამბობს ქალბატონი მარინა.
ოჯახის ექიმს აბსოლუტურად სხვა ხედვა, გამოცდილება და მიდგომა სჭირდება პაციენტთან ურთიერთობისას, ვიდრე ეს ვიწრო პროფილის ექიმს მოეთხოვება.
რამდენად არის ოჯახის ექიმების კვალიფიკაცია შესაბამისი ამ ძალიან დიდ გამოწვევასთან ოჯახის ექიმი ასე პასუხობს: „ზოგადად საოჯახო მედიცინაში დღეს არიან მომუშავე სერთიფიცირებული ოჯახის ექიმები ან უკვე მომუშავე ძველი ექიმები არიან გადამზადებულები საოჯახო მედიცინის მინირეზიდენტურის პროგრამით, ან დამთავრებული აქვთ სამწლიანი რეზიდენტურული პროგრამა საოჯახო მედიცინაში.
ჰოლისტიკური მიდგომა და ყოვლისმომცველი უწყვეტი მეთალყურეობა არის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც არის საოჯახო მედიცინაში და, რა თქმა უნდა, ექიმები ნებისმიერი პაციენტის მართვის შემთხვევაში ხელმძღვანელობენ ამ პრინციპებით.
გარდა ამისა, საქართელოში ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულია ძალიან ბევრი პირველადი ჯანდაცვისთვის დამახასიათებელი განსაკუთღებით გავრცელებული დაავადებების მართვის გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლებიც ეხმარებიან ექიმებს ამა თუ იმ მდგომარეობის მართვაში.
ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მენეჯმენტი არის განსაკუთღებით მნიშვნელოვანი. მაგრამ როგორ წესი თუ ამას დავაკავშირებთ წამლის კომპონენტთან, ამ დროს ექიმი ხელმძღვანელობს იმით, რომ მედიკამენტი, რომელსაც პაციენტს უნიშნავს, პირველ რიგში უნდა იყოს ეფექტიანი და უსაფრთხო.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ხელმისაწვდომობა. ხელმისაწვდომობაში იგულისხმება როგორც მისი მიღების ფორმა, ისე – ფასი. ზოგადად, მთელ მსოფლიოში პრობლემა არის წამლის რაციონალურად მოხმარება.
ზოგადად პაციენტებს ძალიან უყვართ მედიკამენტები, მაგრამ პრობლემების დაყოფა პრიორიტეტების მიხედვით და შემდეგ სწორად შერჩეული და გამოყენებული მედიკამენტები პირველად ჯანდაცვაში იძლევა იმის საშუალებას, რომ მკურნალობა იყოს ხარჯთეფექტური.“
რაც შეეხება, ჯენერიკ მედიკამენებს და ოჯახის ექიმს აქვს თუ არა მისი დანიშვნის უფლება, შიხაშვილი გამარტავს: „ოჯახის ექიმს აქვს ყველა მედიკამენტის დანიშვნის უფლება.
დღეს არსებული რეცეფტის ფორმის მიხედვით, ოჯახის ექიმი ვალდებულია ჯერ შეავსოს ძირითადი ნივთიერება ანუ ჯენერიკული სახელწოდება და შემდეგ უკვე დაწეროს ამ წამლის ბრენდული დასახელება. „