ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მკურნალობის ის კურსი, რომელიც თურქეთში უნდა გაევლოთ, საქართველოში, თურქი ექიმების მონაწილეობითა და მეთვალყურეობით ჩაიტარონ. გარდა ამისა, უკვე დაგეგმილია იმ პაციენტების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებმაც სტამბოლის „მედიქალ პარკში“ უკვე იმკურნალეს – ეს უმეტესად ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას შეეხება და ამბულატორიული მართვისთვის, რაც შესაძლოა ერთი წელიც კი გაგრძელდეს, საქართველოში დაბრუნდნენ. ამ შესაძლებლობას მათ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა აძლევს, რომელშიც რამდენიმე თვის წინ ბავშვთა ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის დეპარტამენტი ამოქმედდა.
დეპარტამენტი თურქეთის კლინიკა „მედიქალ პარკში“ თანამშრომლობს და სწორედ ეს აძლევს პაციენტებს შესაძლებლობას, აღარ წავიდნენ თურქეთში და უცხო გარემოში, სახლიდან შორს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იცხოვრონ, რაც რთულ დიაგნოზთან ერთად მათთვის დამატებითი სტრესია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ინგოროყვას კლინიკაში ბავშვთა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სამსახური ამოქმედდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, კლინიკას პერიოდულად სტუმრობენ „მედიქალ პარკის“ მმართველი გუნდის წარმომადგენლები და დარგის წამყვანი სპეციალისტები.
მოზრდილთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია საქართველოში 2017 წელს სწორედ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკამ დაიწყო. მას შემდეგ ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების მქონე მოზრდილ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ქვეყნიდან გაუსვლელად მიიღონ ყველა სამედიცინო მომსახურება. დღეისათვის 500-მდე ტრანსპლანტაცია შესრულდა წარმატებით. სწორედ ამ გამოცდილებამ და აწყობილმა ინფრასტრუქტურამ მისცა საშუალება კლინიკას, გაეხსნა ბავშვთა ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტი.
პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ერთ სივრცეში განთავსებული სრული სამედიცინო სერვისი: სრულყოფილი ლაბორატორია, რადიოლოგია (PET), სხივური თერაპია უახლესი აპარატურით, სისხლის ბანკი.
ამ ეტაპზე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიურ დეპარტამენტში სამუშაოდ ჩამოსულია მედიცინის დოქტორი, სტამბოლის კლინიკის მედიკალ პარკის ონკოკოჰემატოლოგი, პედიატრი გიზემ ზენგინ ირსო.
მასთან კონსულტაციების გავლა უფასოდაა შესაძლებელი.
გიუზემ ზენგინ ერსოი კლინიკაში ორი თვის განმავლობაში დარჩება, შემდე კი დისტანციურად გააგრძელებს პაციენტების მკურნალობას. გარდა ამისა, კლინიკაში მოქმედი პრაქტიკით, თურქი ექიმები გარკვეული მონაცვლეობით, მუდმივ მონიტორინგს და კონსულტაციას გაუწევენ პაციენტებს. იქნება ონლაინ-შეხვედრები, კონსილიუმები. პროექტი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური დეპარტამენტის გახსნის შემდეგ ინგოროყვას კლინიკამ საქართველოში მცხოვრები, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის მკურნალობის ალტერნატივა შექმნა. დღემდე ეს მიმართულება მხოლოდ იაშვილის კლინიკაში მოქმედებდა, რომლის პაციენტების მშობლების ნაწილი კლინიკაში არსებულ ვითარებას აპროტესტებს. მათი პროტესტის საგანია როგორც კლინიკური, ისე ინფრასტრუქტურული და ჰიგიენური ნაწილი.
ბავშვთა ონკოლოგიასა და იაშვილის კლინიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ რამდებიმე დღის წინ კომენტარი გააკეთა. მართალია, მინისტრს კონკრეტული კლინიკა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ საუბრობს კერძო კლინიკაზე, რომელსაც ბავშვთა ონკოლოგიაში ექსკლუზივი აქვს. ასეთი კი სწორედ იაშვილის კლინიკაა, სადაც, როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება და კლინიკა სრულყოფილ ფუნქციონირებას უახლოეს დღეებში აღადგენს.
მინისტრმა თქვა, რომ კლინიკაში არის პრობლემები როგორც მკურნალობის, ისე კომუნიკაციის კუთხით.
„ბავშვებთან დაკავშირებით ძალიან ხშირი იყო შემთხვევები და ძალიან ბევრი პრეტენზიაა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გადაცემა იყო. დღესაც, ხვალაც შეხვედრებია მშობლებთან, რომლებიც უკმაყოფილოები არიან იმ მდგომარეობით, რაც ხდება ამასთან დაკავშირებით კლინიკაში როგორც მკურნალობის, ისე კომუნიკაციის ნაწილში. სამწუხაროდ, კომუნიკაციის ნაწილშიც სერიოზული პრობლემებია,“ – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა და აღნიშნა, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბავშვთა სახელმწიფო ონკოლოგიური კლინიკის გახსნის შესახებ.
„ჩვენ გვქონდა ისტორიული ონკოლოგიური კლინიკა ლისზე, ასევე სხვადასხვა კლინიკაში გვქონდა ეს სერვისი და დღეს, სამწუხაროდ, არსად არ გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით. ერთერთ კერძო კლინიკას აქვს ამის ექსკლუზივი და სამწუხაროდ იქ მიღებული მომსახურებით და ხარისხით ძალიან დიდი უკმაყოფილება მოდის ჩვენთან. აქედან გამომდინარეა ამის საჭიროება და უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა ვარჩევთ კომპანიას, რომელიც გაგვიკეთებს კონცეფციას, თუ რა არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი. მათ შეფასების დონეზე მოკლე ვიზიტი ჰქონდათ და უკვე ნახეს ქვეყანაში რა შესაძლებლობები გვაქვს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე აღჭურვილობის კუთხით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია იქ დასაქმებული ექიმების და ექთნების ხელმისაწვდომობა და აქ – მომზადება. სამწუხაროდ, ეს სამივე კომპონენტი თითქმის ნულიდან გვაქვს ასაწყობი და გასაკეთებელი, თუმცა ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, შესაძლებელია არსებობდეს კერძო ალტერნატივაც, მაგრამ აუცილებელია, რომ სახელმწიფო ამ ნაწილში აუცილებლად იყოს ჩართული და ის რამდენიმე ათეულობით მილიონი ლარი, რაც ყოველწლიურად კონკრეტულად ბავშვთა ონკოლოიგიაზე იხარჯება ჩვენი ბიუჯეტიდან, პირველ რიგში ქვეყანაში დარჩეს და ეს დარგი განვითარდეს. სამწუხაროდ, ქვეყნის გარეთ ძალიან ბევრი რეფერალი გვაქვს,“ – განაცხადა მინისტრმა.