ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისში მიმდინარე რეგიონულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის საკითხებს ეძღვნება.
სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამგვარი ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზე და იმ გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, თუ როგორ უნდა გადაიბაროს წარმატებით სახელმწიფომ გლობალური ფონდის პროგრამების დაფინანსების საკითხები. მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფონდს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.
„საქართველოს მთავრობა მაღალ პრიორიტეტს ანიჭებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას. შესაბამისად, ბოლო წლებში რამდენჯერმე იქნა გაზრდილი ამ სექტორზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების წილი, მათ შორის, სახელწიფო დაფინანსების ზრდა შეეხო როგორც შიდსის, ისე ტუბერკულოზის პროგრამებს.
მართალია, ჯერ-ჯერობით, ქვეყანა არ არის მზად ამ დაავადებებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული მასშტაბით დაფინანსებისთვის, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან, რომელიც უშუალოდ საზღვრავს ან სფეროში ქვეყნის პრიორიტეტებსა და ოპტიმალური დაფინანსების მოცულობებს.
კერძოდ, დაგეგმილია გლობალური ფონდის პროგრამების თანადაფინანსების წილის 2015 წლიდან 2018 წლამდე ეტაპობრივი ზრდა 5%-დან 75%-მდე, რაც მიუხედავად მნიშვნელოვანი მოცულობისა, უკვე გათვალისწინებულია 2016-2019 წლების ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში და სახელმწიფო მზადაა ამ გაზრდილი ვალდებულების შესასრულებლად,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ფორუმი, რომელიც სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის (GFATM), ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის (EHRN) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.
შეხვედრაში საქართველოს, ევროკავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის (EECA) ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობენ.