თბილისი (BPI) – წამლებზე არსებულ ფასებსა და ხარისხთან დაკავშირებით საუბრისას სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრ „მედისონი“ – ის პედიატრი ნინო საგინაშვილი აღნიშნავს, რომ მისი დაკვირვებით პაციენტების საკმაოდ დიდ ნაწილს ნამდვილად უჭირს სათანადო მედიკამენტების შეძენა, რაც ბუნებრივია, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
„პაციენტების უმრავლესობას აქვს მცირე პენსია ან დაბალი ანაზღაურება. ოჯახებს არ აქვთ ნორმალური შემოსავალი, რომ ელემენტარულად ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები შეიძინონ. ამ ვითარებაში, ცხადია ჯანდაცვაზე ფიქრი მეორე პლანზე ინაცვლებს.
რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხს, როგორც ექიმი, ბოლომდე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ წამლების ფილტრაცია ისე ხდება, რომ ქსელებში არ მოხვდეს ისეთი წამალი, რომელიც მორჩენის ნაცვლად პრობლემას შეუქმნის პაციენტს. პირადად მე ამ კუთხით ვუყურებ პრეპარატებს და შესაბამისად ვუნიშნავ ჩემთან მოსულ პაციენტებს“, – აღნიშნავს პედიატრი.
საგინაშვილი ამბობს, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის დანიშნვნისას ექიმებს ხშირად უხდებათ ფასზე ორიენტირება.
„ეს საკითხი საკმაოდ სენსიტიურია. ექიმები ძირითადად ვცდილობთ, შევარჩიოთ მისაღები ფასის მქონე ეფექტური პრეპარატი, რამდენადაც ბრენდული მედიკამენტები საკმაოდ ძვირია, ძალიან ხშირად უთქვამთ პაციენტებს, ნუ დამინიშნავ ძვირფას წამალს, მაინც ვერ ვიყიდი და არ აქვს აზრიო. ეს ფაქტი გვანადგურებს ექიმებს, ჩემთან მოსულ პაციენტს ლამაზი თვალებით და სიტყვებით ხომ ვერ განვკურნავ?!
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მოსული პაციენტები კმაყოფილებას ნამდვილად გამოთქვამენ, რადგან ბევრი გამოკვლევა უფასოდ უტარდებათ, მაგრამ მედიკამენტების ყიდვის საშუალება ხშირად არ აქვთ. როცა არჩევანის წინაშე ვდგები, რა თქმა უნდა, მირჩევია დავნიშნო ბრენდი, ვიდრე ჯენერიკი. შეიძლება დილეტანტ ადამიანს მედიკამენტზე წარმოდგენა არ ჰქონდეს, მაგრამ შესადარებლად მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ბრენდული ტანსაცმელი უკეთესია თუ პატენტი?“ – ამბობს ნინო საგინაშვილი.