სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ნინო კობახიძე სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგების შემცირების მიზეზებს „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს.
მისი შეფასებით, ბაზარი არ იზრდება. მათ შორის, არ არის მზარდი კორპორატიული ბაზარი, საცალო გაყიდვების კუთხით კი ინტერესი ძალიან დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ სამედიცინო დაზღვევა არ არის პოპულარული, რადგან სახელმწიფო დაზღვევა ფარავს კერძო სადაზღვევო კომპანიების პროდუქტს და თუ ადამიანი კერძო სადაზღვევო კომპანიაშია, ვარდება სახელმწიფო დაზღვევიდან, ეს კი ბარიერს ქმნის.
რაც შეეხება არსებულ პორტფელებს, ფასები არ იზრდება. სახელმწიფო, რომელიც არის შემსყიდველი, ცდილობს შეამციროს ფასი და არ გაზარდოს. ყველა პირობაა იმისთვის, რომ სადაზღვევო კომპანიების მოგება ასე შემცირებულიყო. მე უფრო მეტ შემცირებას ველოდი,“-აცხადებს კობახიძე.
მისივე განცხადებით, კოვიდ პანდემიამ სადაზღვევო ინდუსტრიას თავისი დაღი დაასვა. კერძოდ, ისეთმა ბიზნესებმა (სასტუმრო, რესტორნები და ასე შემდეგ, სრულიად HoReCa-ს სექტორი), რომლებიც კოვიდის ყველაზე დიდი მსხვერპლი აღმოჩნდა, შეამცირეს სადაზღვევო პრემიები.
„ველით, რომ დასტაბილურდება პოლიტიკური სიტუაცია, ეკონომიკური განვითარება იქნება მეტნაკლებად პროგნოზირებადი, განხორციელდება ახალი ინვესტიციები და გაგვეზრდება კორპორატიული კლიენტების რაოდენობა,“ – აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის: 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიების წმინდა მოგება 14%-ითაა შემცირებული. 10 თვეში 18-მა სადაზღვევო კომპანიამ ჯამში 39,5 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო.