მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ნინო ფოფხაძე: საქართველოს ბანკის ჰოლდინგის მიერ GPC-ის შეძენა მედიკამენტებს გააიაფებს
მედიკამენტების გაიაფების პროცესზე დადებითად აისახება საქართველოს ბანკის ჰოლდინგის მიერ სააფთიაქო ქსელ GPC-ის შეძენის ფაქტიც - ნინო ფოფხაძე.

ნინო ფოფხაძე: საქართველოს ბანკის ჰოლდინგის მიერ GPC-ის შეძენა მედიკამენტებს გააიაფებს

ჯანდაცვის პლატფორმის ხელმძღვანელი ნინო ფოფხაძე ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს აფასებს. მისი თქმით, საქართველოს ბანკის ჰოლდინგის მიერ GPC-ის ფარმაცევტული ქსელის შეძენა ბაზარზე სურათს საგრძნობლად შეცვლის.

თუ ლარის გამყარების პროცესიც შეუქცევად ხასიათს მიიღებს და ეროვნული ვალუტა მონახავს წონასწორობის ახალ წერტილს, ეს კიდევ უფრო მეტად გამოიწვევს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასის კლებას.

„ლარის მნიშვნელოვანი გამყარება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში უკვე პოზიტიურად აისახა მედიკამენტების ფასებზე. სააფთიაქო ქსელები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კურსის ცვლილებამ მათ  ხშირი მოხმარების რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე ფასების შემცირების საშუალება მისცა.

ამის თაობაზე „ფარმადეპომ“ და PSP-მ განაცხადეს.  უფრო მეტიც, მაგალითად, PSP ოფიციალურად აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარებისა და დასტაბილურების შემთხვევაში, ფასების შემცირება მედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე გავრცელდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი, მომხმარებლის ინტერესს, ჰქონდეს წვდომა იაფ მედიკამენტებზე, სრულ თანხვედრაშია.

ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებით, ფასების კლების ტენდენცია ამ მომენტამდეც თვალსაჩინო იყო. ბოლო რამდენიმე თვეა, მედიკამენტებზე ფასები კლებულობს. ამას მოწმობს ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვები და სხვადასხვა პერიოდში განხორციელებული საკონტროლო შესყიდვებისას მიღებული შედეგების ანალიზი“, – აცხადებს ფოფხაძე.

მისი თქმით, მედიკამენტების გაიაფების პროცესზე დადებითად აისახება „საქართველოს ბანკის ჰოლდინგის მიერ სააფთიაქო ქსელ GPC-ის შეძენის ფაქტიც.

„ამ გარიგებით სერიოზულად ძლიერდება საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ბანკის ჰოლდინგში შედის და მასშტაბურ აქტივებს ფლობს როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის, ისე ჰოსპიტალურ სექტორებში. მოგეხსენებათ, ამ კომპანიის ქუდით იმართავება სადაზღვევო კომპანია „IMEDI L“,– სამედიცინო კოორპორაცია „ევექსი“,  კლინკათა ქსელი „ახალი სიცოცხლე“, იაშვილის რეფერალური საავადმყოფო და სხვა.

ახალ რეალობაში  ამას ემატება GPC –ის გამართული სააფთიაქო ქსელი, რომელიც მომხმარებელთა მხრიდან დიდი ლოიალობით სარგებლობს. ეს ყველაფერი კი „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ კომპლექსურად აძლიერებს. კომპანიის უკან დგას „საქართველოს ბანკი“, ქვეყნის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომლის შესაძლებლობებიც, პრაქტიკულად შეუზღუდავია. ეს გვაფიქრებინებს, რომ GHG ფარმაცევტულ ბაზარზე გრძელვადიანი გათვლით შედის და როგორც „IMEDI L“, –ის და ასევე საკუთარი კლინიკის მომხმარებელს, ისე ზოგადად მედიკამენტების მომხმარებლებს, მისაღებ საფასო პოლიტიკას შესთავაზებს. ანუ, მედიკამენტები, ახლა უკვე მისსავე სააფთიაქო ქსელში, იქნება კიდევ უფრო იაფი, დღეს არსებულ ფასებთან შედარებით.

ჩვენი ორგანიზაციის აზრით, მოვლენათა ამდაგვარი განვითარება გარდაუვალია. ერთი მხრივ, სახელმწიფომ რეალურად აამუშავა კონკურენციის წამახალისებელი ბერკეტები, ხელი შეუწყო ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მსხვილი მოთამაშეების გამოჩენას და ბაზარი უკვე ხასიათდება ფასების კლების ტენდენციით. მეორეს მხრივ, თუ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს საკუთარ აფთიაქებში არ ექნება დაბალი ფასები, ის დარჩება მხოლოდ მისივე კლინიკების და სადაზღვევოს კლიენტების ამარა, რაც უარყოფითად აისახება როგორც კონკრეტულად მის ამ ბიზნესზე, ისე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოიწვევს იმავე დაზღვეულთა და GHG–ის საავადმყოფოების კლიენტთა მზარდ უკმაყოფილებას.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს, ეს მომენტები კარგად აქვს გააზრებული. ამდენად, მოსალოდნელია, რომ იგი სააფთიაქო ბიზნესში ოპერირებას საგრძნობლად დაბალი ფასებით განახორციელებს“, – მიაჩნია ჯანდაცვის პლატფორმის ხელმძღვანელ ნინო ფოფხაძეს.

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …