მთავარი » კვირის ინტერვიუ » ნატო შენგელია : ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ სამინისტროს მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენაში დაეხმარება
ნევროლოგი ნატო შენგელია ჯანდაცვის სამინისტროს და გლობალური ალიანსის მიერ წამოწყებულ სოციალურ ინიციატივას "რა გაწუხებთ"? დადებითად აფასებს.

ნატო შენგელია : ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ სამინისტროს მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენაში დაეხმარება

ჯანდაცვის სამინისტრომ და „გლობალურმა ალიანსმა“ ერთობლივი პროექტი „რა გაწუხებთ?“ წამოიწყეს, რომელიც მიმართულია მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენისაკენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ასევე, ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ ნევროლოგ ნატო შენგელიას ვესაუბრეთ.

იანვრის ბოლოდან დაიწყო გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური ინიციატივა რა გაწუხებთ?, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი გამოკითხვის ჩატარება ჯანდაცვის ჯანდაცვაში არსებული პრობლემების გამოსავლენად

აღნიშნული პროგრამის თაობაზე საქმის კურსში ვარ. კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ რეკლამებს და ჯანდაცვის სამინისტროს ვებგერდზეც არის ინფორმაცია. პრინციპში, არ არის ცუდი წამოწყება მოსახლეობის აზრის გასაგებად. ზოგადად რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას ჯანდაცვის კუთხით, ამაზე ექნებათ წარმოდგენა. ასევე, არ არის ცუდი, თუ მიღებულ შედეგებს რეფორმების და პროგრამების დაგეგმვის დროს გამოიყენებენ.

რომელია ყველაზე სერიოზული პრობლემები, რომელსაც დღეისათვის ჯანდაცვის სისტემა აწყდება

ზოგადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ კარგია, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის ყველაფერი უფასო ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი უჭირს, რომ ქონდეს. მითუმეტეს, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ისედაც მწირი რესურსია, მეტი მომჭირნეობა უნდა გამოვიჩინოთ და მაქსიმალურად ხარჯთეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსები. ვფიქრობ,  უნდა იყოს დიფერენცირებული მიდგომა.

რაც შეეხება ურგენტს, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ფინანსდება და არაა პრობლემა. მაგრამ რაც შეეხება გეგმიურს, იმდენი ფორმალობის მოგვარება უწევს პაციენტს, უბრალოდ ეზარება. ასევე რიგები. ეს კი მთელ მსოფლიოში პრობლემაა, როდესაც საქმე ექიმთან ვიზიტს ეხება, მაგრამ ამის მოწესრიგება შეიძლება, რომ პაციენტს ბევრი პროცედურის გავლა არ სჭირდებოდეს, სანამ მომსახურებას მიიღებს.

რა მიგაჩნიათ ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად

ყველა აღნიშნავს, რომ იგივე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან კარგია. უამრავმა ისეთმა ადამიანმა მიიღო სამედიცინო მომსახურება, რომელიც ვერც კი იოცნებებდა რომ ან ოპერაცია გაეკეთებინა, ან რაიმე გამოკვლევა ჩაეტარებინა. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივია, მაგრამ უტოპიური სოციალიზმის პრინციპი არ გამოვა. აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა.

იგივე აღსანიშნავია C ჰეპატიტის ელიმინაცის პროგრამა. მსოფლიოს ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანას არ აქვს საშუალება ამის განხორციელების. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ მიმართულებაში დიდი მიღწევები გვაქვს.

რას ელოდებით ჯანდაცვის რეფორმისაგან, რა ძირითადი პრობლემებიგადაჭრელი

ზოგადად, პრობლემა ორმხრივია. არის როგორც სამედიცინო სისტემის მხრიდან, ასევე პაციენტის მხრიდანაც. რეფორმა ისეთი უნდა იყოს, რომ ორივე მხარის პრობლემების მოგვარება შეეძლოს. რა თქმა უნდა, ექიმების ანაზღაურება ძალიან მიზერულია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად კერძოა, თავად ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებულნი თავიანთი ექიმების დაკმაყოფილებით.

სახელმწიფომ რომ აიღოს ყველაფერზე დოტაცია, ამის ფუფუნება და საშუალება ნამდვილად არ არის. მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ისეთი, რომ ძირითადი გავრცელებული პრობლემები და დაავადებები, რომლებიც მოსახლეობის სიკვდილობის ძირითადი მიზეზია, სწორედ ამაზე უნდა იყოს კონცენტრირება. მე ვფიქრობ, რომ სკრინინგული პროგრამები, რომლებიც ეხება იგივე სიმსივნეს, გულსისხლძართვთა დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს და ასე შემდეგ, ეს პროგრამები უნდა იყოს აუცილებლად დაფინანსებული.

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …