ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანი ფარმაციის სფეროში არსებულ მაღალ ფასებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის პოზიციით დაინტერესდა. “თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ერთი დემოკრატიული ქვეყანა მაინც, სადაც წამლის ნედლეულის იმპორტიორი, მწარმოებელი, დისტრიბუტორი, სააფთიაქო ქსელის, სამშობიარო სახლების და კლინიკების, სარეაბილიტაციო ცენტრების მეპატრონე ერთი კომპანია ანუ ერთი ადამიანია? ვხუმრობ კიდეც უკვე, რომ თუ ამას დაამატებენ დაკრძალვის მომსამახურებას, სრულ ციკლს გააკონტროლებენ დაბადებიდან საუკუნო განსასვნებლამდე. მერე ნუ გვიკვირს რატომ არის წამლები ძვირი. ამ ჯაჭვში როგორ შეიძლება წამალი არ იყოს ძვირი. თქვენი, როგორც მინისტრის აზრი მაინტერესებს, ამ ველურ ბიზნესმოდელთან დაკავშირებით,” – მიმართა კითხვით ნათია თურნავას ლევან იოსელიანმა.
მინისტრი აღიარებს, რომ ფარმაციის ბაზარი მონოპოლიზებულია და მაღალი კონცენტრაციაა, შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მედიკამენტების ფასწარმქმნის მოდელის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. “ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია ნამდვილად არის, როდესაც სხვადასხვა სეგმენტი და მიწოდების ჯაჭვი ერთი ჯგუფის ქვეშაა თავმოყრილი, ეს არის პრობლემა. სწორედ ამიტომაც, პრემიერის დავალებით, კონკურენციის სააგენტო შევიდა და შეისწავლა ბაზარი, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება ამ პრობლემის გადაწყვეტა,” – განაცხადა ნათია თურნავამ.
Enter