რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხი ბოლო წლებში დღის წესრიგში რამდენჯერმე გააქტიურდა. ყველა ჯერზე საუბარი იყო მასშტაბურ გეგმებზე, რასაც კლინიკის გაძლიერება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა უნდა მოჰყოლოდა. თუმცა საკითხი დღემდე მოუგვარებელია.
ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო გადაწყვეტილებით, კლინიკის შენობა დაინგრევა და იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე ნაგებობა აშენდება, სადაც მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება განთავსდება. სწორედ ამ დაწესებულების ფარგლებშია დაგეგმილი ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკის გახსნაც, რომელიც, გეგმის თანახმად, ცალკე ფლიგელის ან შენობის სახით იფუნქციონირებს.
მედპერსონალი ამ გეგმებს არ ეთანხმება და მოითხოვს, რეაბილიტაცია კლინიკაში სამკურნალო პროცესის შენარჩუნების პარალელურად მოხდეს.
ჯანდაცვის სამინისტრო საკუთარი გეგმების დეტალურ პრეზენტაციას მომავალ კვირაში, რესპულიკური საავადმყოფოს შენობაში აპირებს, რომელში მონაწილეობის საშუალება მედპერსონალსაც ექნება.
რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის გეგმების შესახებ ბოლო წლებში რამდენჯერმე გაკეთდა განცხადება. 2016 წელს აქტიურად მიმდინარეობდა საუბრები იმის შესახებ, რომ სახელმწიფო თბილისის სამი საავადმყოფოს რეკონსტრუქციას გეგმავდა და ამ მიზნით საპარტნიორო ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ავსტრიულმა კომპანია „ალფამედიკ კონსორციუმმა“ გაიმარჯვა. პროექტის თანახმად, სამივე ჰოსპიტალი – ბავშვთა ინფექციური, რესპუბლიკური საავადმყოფო და ონკოლოგიური ცენტრი – ერთ ადგილას უნდა ყოფილიყო თავმოყრილი.
მაშინდელი გეგმებით, პროექტში ნახევარი მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდებოდა. სამი საავადმყოფოს მართვა კი საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელით განხორციელდებოდა.
პროექტი საბოლოო ჯამში ვერ განხორციელდა. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ ბავშვთა ინფექციური კლინიკა ლიუბლიანას ქუჩაზე, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადავა. ლისზე არსებული, ყოფილი ონკოლოგიური ცენტრის ბედი კი, რომელიც 2020 წელს რემონტზე დაიხურა და სადაც მრავალპროფილური ცენტრი უნდა გახსნილიყო, დღემდე უფუნქციოდაა.
რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ ბოლო მოვლენებს, მისი დემონტაჟის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ექსპერტების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს ეთანხმება, რომ შენობა დასანგრევია, თუმცა იმასაც აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ უნდა ყოფილიყო მიღებული და წლების განმავლობაში ამ კლინიკის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში მილიონობით ლარი არ უნდა დახარჯულიყო.
ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი „ფეისბუქზე“ წერს, რომ აღნიშნული კლინიკის სრული რეაბილიტაცია შეუძლებელია.
„ვინც საქართველოს სამედიცინო სფეროს მეტ-ნაკლებად იცნობს იცის რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის რეაბილიტაცია შეუძლებელია…უფრო სწორად, მისი გაუმჯობესება პრაქტიკულად გამორიცხულია, იმდენად ცუდი ინფრასტრუქტურით არის აშენებული. შესაბამისად მილიონების დახარჯვაც კი ვერ მოიტანს სასურველ შედეგს, როგორც ასეთი რესპუბლიკური საავადმყოფო უკეთესი ვერ გახდება…“ – წერს წერეთელი და იქვე აღნიშნავს, რომ „ეს ადგილი მეტად მიმზიდველი ტერიტორიაა ახალ ინვესტიციებისა და იქ უამრავი მრავალსართულიანი კორპუსების ჩასადგმელად.“ თუმცა, პრემიერმაც და ჯანდაცვის მინისტრმაც ცალსახად განაცხადეს, რომ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო კლინიკა განთავსდება.
რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ცუდი მმართველობის კლასიკა სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოა.
„ათეულობით მილიონი ჩვენი ლარი დაიხარჯა რეაბილიტაციაში, რემონტში. იყო კორუფციული სკანდალი, როცა ვერ იპოვეს ადამიანი, რომელმაც გაარემონტა ეს კლინიკა. დღეს გვეუბნებიან, რომ თურმე წყალში გადავყარეთ ეს თანხა. ბევრი გამოწვევა აქვს ამ შენობას, იქაა ძალიან ბევრი კონსტრუქციული, არქიტექტურული, საძირკვლის, გამდინარე წყლის პრობლემა.
პოსტსაბჭოთა და ვარშავის პაქტის ქვეყნებში 6 თუ 7 ასეთი ტიპიური შენობა დგას, მათ აქვთ პრობლემა თანამედროვე სტანდარტებთან და მათი გადაკეთება თითქმის შეუძლებელია ან ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს და მაინც სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ.
ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ როცა ეს იცი 10 წელია, შენობას არქიტექტურული პერსპექტივა არ აქვს და ყოველწიურად, 10 წლის განმავლობაში ასხამ თანხებს, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ხარჯი,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა და რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო მიმდინარე პროცესები „გარდამავალ დროშას“ შეადარა, როცა მოდის ახალი მინისტრი, ხარჯავს ათეულობით მილიონობით ლარს, შემდეგ მას სხვა მინისტრი ანაცვლებს და ცვლის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც კატასტროფული ხარჯების წყალში გადაყრაა.
„როცა მინისტრი გამოიცვლება, რესპუბლიკური საავადმყოფოს სტრატეგიაც შეიცვლება,“ – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.