“მზიურის” პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.
პროექტის ფარგლებშივე ამოქმედდება ამფითეატრი და სოციალური კაფე, რომელიც ძველი იერსახით შენარჩუნდება და თანამედროვე ელემენტებით დაიტვირთება.
თბილისის მერია ადაპტირებული კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად უზრუნველყოფს, მათ შორის, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაფე აღიჭურვება ადაპტირებული სველი წერტილებით, უკვე დამონტაჟდა პანდუსი, გამაგრდა საყრდენი კედლები და შენობა გადაიხურა თანამედროვე სამშენებლო მასალებით. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები, გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები.
ძველი ამფითეატრისა და კაფის შენობები თბილისის მერიამ ორგანიზაცია “მზიანს” სარგებლობის უფლებით გასულ წელს გადასცა. აღნიშნულის შესახებ თხოვნით მერიას ფოტოგრაფმა და უფლებადამცველმა ანა გოგუაძემ მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.
უსინათლოთათვის კეთდება სანიშნეები, მენიუებსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონე პირებისთვის დამონტაჟდება სპეციალური მანიშნებლები.
“მზიურის” ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საბავშვო მოედნების მოწყობაც.
თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად მზიურის პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც პროექტ „ახალი მზიური“-ს ფარგლებში ამფითეატრისა და სოციალური კაფის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. დავით ნარმანიამ მერიის სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვერეს ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა.
“თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც კეთდება მზიურის ტერიტორიაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, გარდა ამისა, ჩვენ ვაწესრიგებთ პარკს და მერიის შესაბამის სამსახურებს დღეს მე მივეცი კონკრეტული დავალებები.
რაც შეეხება მდინარე ვერეს ხეობის ნაწილს, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა, ჩვენ ყველა ტიპის მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ და ახლა მზადდება პროექტი, რომელიც მზიურის ტერიტორიის გამწვანებას და მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებას დავიწყებთ ზაფხულიდან. შემოდგომაზე აქ დაირგვება ხეები, მოწესრიგდება ტერიტორია, რათა რეკრეაციული ფუნქცია, რაც გააჩნდა მზიურის პარკს, მთლიანად აღდგეს და მოსახლეობას ჰქონდეს დასვენების, განტვირთვის საშუალება”, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.