მთავარი » ახალი ამბები » მზადება ბირთვული და ქიმიური საფრთხეებისთვის – როგორ მუშაობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ომის პირობებში

მზადება ბირთვული და ქიმიური საფრთხეებისთვის – როგორ მუშაობს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ომის პირობებში

უკრაინაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების დაახლოებით 10% ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური საფრთხის შემთხვევებისთვის მზადყოფნის მიზნით გადაამზადეს. ქვეყნის მთავარი სანიტარული ექიმის იგორ კუზინის განცხადებით, სასწრაფო დახმარების მანქანები აღიჭურვა სპეციალური მოწყობილობებით, რომლებსაც გააჩნიათ ანტიდოტები და ტანსაცმელი, ასევე ინდივიდუალური დაცვის და სხვა საშუალებები დაზიანების ზონაში დაშავებული ადამიანების დახმარების მიზნით.

„მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შემთხვევისთვის სრულად მზადყოფნა თითქმის შეუძლებელია. ახლა ჩვენ მეტად ვფოკუსირდებით იმაზე, რომ მოვამზადოთ სისტემა, რათა მან შეძლოს ნებისმიერი რისკის გამოვლენა,“ – განაცხადა კუზინმა.

მისივე თქმით, უკრაინის მთელ რიგ რეგიონებში უკვე ჩატარდა რადიაციული დაცვის და დოზიმეტრიის სპეციალისტების ტრენინგები.

კუზინის ინფორმაციითვე, დნეპრში გაიმართა სწავლებები, რომელთა მიზანიც იყო მზადება მოსახლეობის ევაკუაციისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციის შემთხვევაში. ყველა თემს ექნება მოსახლეობის გაფრთხილების სხვადასხვა სქემა: ხმამაღალი გაფრთხილების აპარატურის, ასევე „ჩათებისა“ და განცხადებების სახით.

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა რეკომენდაციები მოსახლეობისთვის იმის შესახებ, რა უნდა ჰქონდეთ სახლში ბირთვული კატასტროფის შედეგებისგან დაცვის მიზნით.

ამ რეკომენდაციებს შორისა: სკოჩის და მჭიდრო ნაჭრის მომარაგება იმ შემთხვევისთვის, თუ ადამიანებს არა თავშესაფარში, არამედ სახლში დარჩენა მოუწევთ; ჰიგიენის საშუალებების, გამოსაცვლელი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მომარაგება, საკვების შენახვა ჰერმეტულ კონტეინერებში, სპეციალური მედიკამენტების შეძენა, მობილური კავშირის უზრუნველყოფა, რათა შესაბამისი ორგანოებიდან ოპერატიულად მიიღონ სხვადასხვა რეკომენდაცია, და ა.შ.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ მიუხედავად ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მიმდინარე საერთაშორისო ზედამხედველობისა, აუცილებელია მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის, მათ შორის რადიაციის გავრცელების შემთხვევისთვის.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …