საქართველოს მთავრობამ საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი დაამტკიცა.
როგორც მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე მუშაობის, ღამის საათებში დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობის წესი განსაზღვრავს საჯარო სამსახურში ნახევარ განაკვეთზე, ღამის საათებში დასვენებისა და უქმე დღეებში, ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე პროფესიული საჯარო მოხელის უფლებებს, მოვალეობებსა და აღნიშნულ პირობებში საქმიანობის პროცედურულ საკითხებს.
დადგენილების თანახმად, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლება შეიძლება მიეცეს მოხელეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, 1 წლამდე ასაკის ბავშვის აღზრდის, აგრეთვე ორსულობის პერიოდში, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.
ნახევარ განაკვეთზე გამოყვანილი მოხელის სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება საჯარო დაწებულების ხელმძღვანელის, ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, რაც არ უნდა იყოს დღეში 4 საათზე ნაკლები.
ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის წერილობით მოთხოვნას უნდა დაერთოს ნახევარ განაკვეთზე გადაყვანის მოთხოვნის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგალითად: საავადმყოფო ფურცელი და სხვა).
მოხელე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს:
- მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით;
- ბავშვის 1 წლის ასაკის მიღწევამდე
- მოხელე ქალის შემთხვევაში-მშობიარობამდე
- მოხელის მიერ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულების აღებამდე
- ნახევარ განაკვეთზე მყოფ მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.
- ნახევარ განაკვეთზე მუშაობის ანაზღაურების პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
ღამის საათებში მუშაობა
შესაძლებელია, საჯარო დაწსებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ღამის საათებში მუშაობა დაწესდეს.
მოხელე ღამის საათებში მომუშავედ ითვლება, თუ იგი ღამის საათებში მუშაობს 22:00 საათიდან 06:00 საათამდე.
ღამის საათებში მოხელის სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 საათს.
მოხელე, რომელიც მუშაობს ღამის საათებში, თავისუფლდება მორიგეობის მომდევნო სამუშაო დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგეობის მომდევნო დღეს დასვნებების, ან უქმე დღეა, მოხელე სამსახურში გამოდის მომდევნო სამუშაო დღეს.
ღამის საათებში სამუშაოდ მოხელე შესაძლებელია გადაყვანილ იქნეს დაწსებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან/და მოხელის განცხადების საფუძველზე.
ღამის საათებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
ღამის საათებში მომუშავე მოხელეს უნარჩუნდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, გარანტიები და მოვალეობები.
მოხელეს ღამის საათებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამტი.
დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა
მოხელეს დასვენებისა და უქმ დღეებში მუშაობისთვის ეძლევა კანონით განსაზღვრული სახელფასო დანამატი.
ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მუშაობა
საჯარო დაწესებულება ვალდებულია, მინიმუმადე დაიყვანოს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მომუშავე მოხელეთა რაოდენობა.
ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე მოხელის გადაყვანა უკიდურესი ზომისა და აუცილებლობის არსებობის გარეშე დაუშვებელია.
ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში მოხელის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
ამ პირობებში გადაყვანილ მოხელეს უნდა მიეცეს სრულყოფილი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემოებებისა და ფაქტორების შესახებ.
დაუშვებელია მოხელის გადაყვანა ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში სპეციალური მოსამზადებელი კურსის გატარების გარეშე.
საჯარო დაწესებულების მიერ შესაძლებელია, განისაზღვროს ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებზე ზედამხედველი/ პასუხისმგებელი პირი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ნახევარ განაკვეთზე მუშაობა- სამუშაო, რომლის ხანგრძლივობა ნაკლებია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სამუშაო დროის ხანგრძლივობაზე, მაგრამ არ უნდა იყოს დღის 4 საათზე ნაკლები.
ღამის საათებში მუშაობა- სამუშაო, რომელშიც მოხელე დასაქმებულია 22:00 საათიდან 06:00 საათამდე და რომლის ხანგრძლივობაც არ აღემატება 7 საათს.
დასვენებისა და უქმე დღეები- საქართველოს ორგანული კანონით შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენების დრო და უქმე დღეები.
ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი სამუშაო პირობები-სამუშაო პირობები, გარემო ან/და სამუშაოს სპეციფიკა, რომელიც საფრთხის მატარებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და განსაზღვრულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.