მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მთავრობამ მედიკამენტებზე ფასების ტვირთი სოციალურად დაუცველებს უნდა შეუმსუბუქოს
მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რაც მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების გაიაფება დაანონსა.

მთავრობამ მედიკამენტებზე ფასების ტვირთი სოციალურად დაუცველებს უნდა შეუმსუბუქოს

მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, რაც მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების გაიაფება დაანონსა. მედიკამენტების ფასებსა და სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციების საჭიროებაზე ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსს, მიხეილ კუკავას ვესაუბრეთ.  

– ხელისუფლება ბაზარზე იაფი მედიკამენტების შემოსვლის ხელშეწყობას გეგმავს. რეფორმის ფარგლებში უნდა გაიაფდეს პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ჯენერიკები, ექნება თუ არა ამ წამოწყებაში სამინისტროს საზოგადოების მხარდაჭერა?

ცხადია, მედიკამენტებზე ფასების ზრდის გაგრძელება განსაკუთრებით მძიმე ტვირთად მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს დააწვება, თუმცა მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ამ ტვირთის შესამსუბუქებლად დოტაციას არ უნდა მიმართოს. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა სახის ჩარევა აქვს დაგეგმილი სამინისტროს მედიკამენტების ბაზარზე, რადგან ამას შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოჰყვეს როგორც ფარმაცევტული ბიზნესის, ასევე – ეკონომიკის სხვა სექტორებისათვის.

ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების ჯგუფებზე, ფასების უფრო მაღალი ზრდის შემთხვევაში, ჩვენი გამოთვლებით, დოტაცია სახელმწიფოს, შესაძლოა ათეულმილიონობით ლარი დაუჯდეს. 

მინისტრის ინფორმაციით, არსებულ მდგომარეობაში, 15 ათასზე მეტი დასახელების მედიკამენტიდან მხოლოდ 100-მდე პრეპარატზეა ფასები გაზრდილი და ამ შემთხვევაშიც საშუალოდ 7-დან 10%-მდე. დოტაციის შემთხვევაში, აფთიაქები მიიღებენ სტიმულს, კიდევ უფრო გაზარდონ ფასები, რადგან სახელმწიფო ფასის ამ ზრდას თავისი დოტაციით მაინც დაფარავს, რაც ძალიან მომგებიანი იქნება აფთიაქებისთვის და მნიშვნელოვან ზარალს მიაყენებს ბიუჯეტს.

– წარმატებული რეფორმისათვის აუცილებელია თუ არა მედიკამენტებზე და მედმომსახურებაზე ფასების დარეგულირება?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიაჩნია, რომ მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის მედიკამენტებზე ფასების ზრდის ნეგატიური ეფექტისაგან დასაცავად, უმჯობესი იქნება თუ მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გარკვეული სარეიტინგო ქულების მქონე მოსახლეობისთვის დააწესებს შეღავათს გარკვეული ჯგუფის წამლებზე. 

საქართველოს მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს წამლებზე ფასების ზრდის გადატანა დახმარების გარეშეც უნდა შეეძლოს – როგორც 2013 წლის ბოლოს ჩვენ მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ უჩვენა, მოსახლეობის ნახევარი მზად არის საკუთარი ჯანდაცვის ხარჯები დააფინანსოს – და ამდენად არარაციონალურია ისედაც მწირი საბიუჯეტო რესურსის იმ ადამიანების დახმარებაზე დახარჯვა, ვისაც ეს არ სჭირდება.

ipress.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …