„მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს კერძო სექტორზე და სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს აღებული ბევრი პასუხისმგებლობა“.პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. აღნიშნული რეფორმა ყველა საქართველოს მოქალაქეს შეეხება და მათზე აისახება. ამ თემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის აზრით დავინტერესდით.
ჯაფარიძის განცხადებით, ამ რეფორმაში მთავარია კერძო სექტორის ჩართვა, რადგან მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი ამხელა ხარჯს ვერ გასწვდება.
„შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა შეიძლება ძალიან კარგი ინიციატივა იყოს, მათ შორის შეიძლება იმ მიზანსაც ემსახურებოდეს, რომ მოხდეს გარკვეული დაავადებების პრევენცია.
აქ მთავარი ის არის, რომ მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს კერძო სექტორზე და სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს აღებული ბევრი პასუხისმგებლობა. სახელმწიფო ბიუჯეტს არ შეუძლია გაუძლოს მნიშვნელოვან ხარჯებს. აქედან გამომდინარე, კერძო ინსტიტუტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ რამე პრობლემა არის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემაში, არის ის, რომ ბოლო 2,5 წლის განმავლობაში კერძო სექტორები გადიან აი ამ ინსტიტუტიდან და უფრო მეტი დატვირთვა მოდის სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამან უკვე გააჩინა გარკვეული პრობლემები და როგორც ჩანს, წელს დაგეგმილი საყოველთაო დაზღვევის ბიუჯეტი საკმარისი არ იქნება.
ამ ყველაფერს დასჭირდება დამატებითი თანხების გამოყოფა. ამ საკითხში, მთავარი არის წორედ ეს რეალური პრობლემები. რაც შეეხება კონკრეტულად ბატონი დავით სერგეენკოს განცხადებებს, ეს ყველაფერი არის კეთილშობილური, მაგრამ უნდა გავიხედოთ წინ და უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რამხელა თანხებთან არის დაკავშირებული ეს კეთილშობილება და გასწვდება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი ამ ყველაფერს.
თუ ამ რეფორმაში აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ მოხდეს კერძო სექტორების ჩართვა, მაშინ ჩვეულებრივად იმუშავებს ეს რეფორმა. თუ იქნება კონკურენცია, შესაბამისად იქნება მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი. შესაბამისად ეს ყველაფერი იქნება ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის.
მაგრამ თუ გაკეთდება აქცენტი სახელმწიფოზე, მაშინ ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტიდან ძალიან დიდი სახსრების დახარჯვა, რისი რესურსიც ბიუჯეტში არ არის და როგორც წესი, ეს სახსრები არის ხოლმე მუდმივად მზარდი. ამ შემთხვევაში ეს რეფორმა არ იქნება ხარჯთეფექტური, რადგან დიდ ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ და დასძინა, რომ კერძო სექტორების ჩართულობა, მსგავს რეფორმებში, ძალიან დიდი უნდა იყოს.