ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სპექტრის გაფართოვება დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.
რა არის ჯენერიკ მედიკამენტი და რამდენად უსაფრთხოა ის მომხმარებლისთვის? რით განსხვავდება ის ბრენდისგან და მისი მოხმარების საკითხს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ინდიგოს“ პრეზიდენტი, მედიცინის ექსპერტი ნაია იობაშვილი გამოეხმაურა:
“სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო როგორც წესი, ძირითადად, ჯენერიკ პრეპარატებს აფინანსებს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ გარკვეულ ეტაპზე ეს იქნება ერთ-ერთი გამოსავალი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს მიდგომა შეუმსუბუქებს მათ ხარჯებს. თუმცა აუცილებელია ასევემოხდეს ბრენდული მედიკამენტების ფასების დარეგულირება.
ზოგჯერ პაციენტს არჩევანი არ აქვს ,- ექიმი უნიშნავს ბრენდს და არა ჯენერიკს, რადგან ფარმაცევტული კომპანიებისთვის უფრო უპრიანია ბრენდებზე ჰქონდეთ კონტრაქტები და ხელშეკრულებები გაფორმებული ექიმებთან. მიმაჩნია, ამ საკითხს განსხვავებულად მიდგომაც სჭირდება. ექიმები არ უნდა იყვნენ დაინტერესებულები კონკრეტული წამლის რეკომენდაციით გაკრვეული პირადი ინტერესების გამო.“
გარდა ამისა, ექსპერტს მიაჩნია, რომ ექიმმა კარგად უნდა აუხსნან პაციენტებს, თუ რა არის ჯენერიკი და გაზარდოს მათი ცნობადობა და ინფორმირებულობა.
„ჯენერიკი ინიშნება არა იმის გამო, რომ არის იაფი და უხარისხოა, არამედ ჯენერიკიც იმავე დანიშნულებისა და ეფექტური წამალია. როდესაც ბრენდს გასდის თავისი პატენტის ვადა, მათი წარმოების უფლება ეძლევათ სხვა ფარმაცევტულ კომპანიებსაც. აქ საუბარია პატენტის და არა წამლის მოქმედების ვადაზე. ამ მიმართულებით გაკრვეული საინფორმაციო კამპანიის განხორციელება აუცილებელია საზოგადოებაში, რადგან პოტენციურ პაციენტებს არ ჰქონდეთ სკეპტიკური განცდა ჯენერიკების მიმართ.“
როგორც ნაია იობაშვილი აღნიშნავს, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში პაციენტთა 90 პროცენტი ჯენერიკის მომხმარებელია.
„ჩვენს მოსახლეობასაც სრული უფლება აქვს იცოდეს რას ნიშნავს, ჯენერიკი, რამდენად უსაფრთხოა მისთვის, რატომ ღირს ბრენდულ მედიკამენთთან შედარებით იაფი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ არსებობენ პაციენტები, რომლებსაც მაინცდამაინც ბრენდის დანიშვნა სურთ. მხოლოდ ექიმის რეკომენდაციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული პაციენტი, მისი სურვილიც უნდა იყოს დაკმაყოფილებული.“
ექსპერტს ასევე მიაჩნია, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეფორმა აუცილებლად უნდა მოერგოს ქართულ რეალობას.
„ჩვენთვის ცნობილია, როგორია სამომხმარებლო კალათა, როგორი დაფინანსება აქვთ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს. აქედან გამომდინარე, სრულიად იოლი წარმოსადგენია, რომ გარკვეულმა კატეგორიამ ჯენერიკიც კი ვერ შეიძინოს. შესაბამისად, სერვისისა და მედიამენტის ფასები საშუალო ფენის შემოსავალთან შესაბამისი და ადეკვატური უნდა იყოს.“