ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, სოსო შატბერაშვილს ვესაუბრეთ.
ბატონო სოსო, მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა. როგორ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი სახელმწიფომ და უნდა მოხდეს თუ არა ეს სუბსიდირების გზით?
რასაკვირველია, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს პრობლემის მოგვარების საკითხში, მაგრამ არა სუბსიდირების სახით. ზოგადად, სუბსიდირება ხდება გარკვეულ ჯგუფებზე, ხოლო ჯგუფების დადგენა არის ზედაპირული საკითხი. ყველა თვლის, რომ ამა თუ იმ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეს. ჩნდება პრეტენზია, რომ სხვამ სუბსიდიით მიიღო წამალი და მე – არა. ამიტომ ჩვენ ასეთ რჩევას ვაძლევთ ხელისუფლებას, რომ ძირითადი მოხმარების წამლები, როგორებიცაა ტკივილგამაყუჩებლები, წნევის და გრიპის, ასევე გადასხმის სისტემები, უნდა ჩაიდოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
ვერანაირი მკურნალობა ვერ განხორციელდება, თუ ავადმყოფმა ვერ მიიღო წამლები. ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს ამისა. ექიმებთან შეხვედრისას ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ ავადმყოფი ვერ ყიდულობს დანიშნულ პრეპარატს, რადგან არა აქვს თანხა შესაძენად. რა მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის ექიმთან მისვლას, თუ მან წამალი ვერ მიიღო. ამიტომ, ფასის ზედა ზღვარი, რომელსაც შეიძლება გადააჭარბოს პირველადი მოხმარების მედიკამენტმა, ახალი წლიდან უნდა დაექვემდებაროს საყოველთაო ჯანდაცვას. მითუმეტეს, რომ ბიუჯეტი ათ მილიარდამდე იზრდება.
რა ფაქტორები განაპირობებს მედიკამენტების მაღალ ფასებს?
მედიკამენტების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი არის ლარის კურსის დევალვაცია, თუმცა არა მთავარი და გადამწყვეტი. იყო შემთხვევები, როდესაც ლარის კურსი მყარი იყო, მსოფლიო ბაზარზე წამლის ფასი არ შეცვლილა, მაგრამ საქართველოში ძვირდებოდა. როდესაც ამ საკითხის ღრმად შესწავლა დავიწყეთ, ეკონომისტობა არაა საჭირო იმის მისახვედრად, თუ რა არის მედიკამენტების გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი. მიზეზი კი არის, რომ საქართველოს ბაზარზე მოქმედებს რამდენიმე მონოპოლისტური ფარმაცევტული კომპანია, რომლებიც აკონტროლებენ თითქმის მთლიან ბაზარს.
ეს კომპანიები კარტელურ შეთანხმებაში არიან ერთმანეთთან, რომ მედიკამენტების ფასმა არ დაიწიოს. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც წამლის შემომტანიც არიან, საბითუმო და საცალოც მოვაჭრეებიც, დისტრიბუტორებიც, ფლობენ კლინიკას და სადაზღვევო კომპანიას. ანუ დაპატრონებულნი არიან არა მხოლოდ ფარმაციას, არამედ მთლიანად – მედიცინას. წამლის გაძვირებას იწვევს სწორედ ეს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ევროპაში ფარმაცევტული კომპანიები სხვადასხვა ფასად ამზადებენ წამლებს, მათ შორის ძალიან იაფადაც.
როგორ უშლიან ხელს მონოპოლისტი კომპანიები ხელს ბაზარზე ახალი მოთამაშის შემოსვლას?
მაგალითად, მე ვარ ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე და მინდა, რომ წამალი შემოვიტანო უცხოეთიდან. ლიცენზია მაქვს, თუმცა ვერავითარ შემთხვევაში ამას ვერ მოვახერხებ, რადგან მოქმედებს ფარმაცევტული მაფია, რომელიც წამალს არ შემოგატანინებს. ამისთვის სხვადასხვა გზა და მეთოდი არსებობს.
მათ წილში ყავთ საბაჟო, რომელიც მაშინვე გაგაჩერებს, როგორც კი „გაბედავ“ წამლის შემოტანას. მანქანას გააჩერებენ მზეზე, გაგათიშინებენ მაცივარს, წამლებს გაგიფუჭებენ, შემდეგ გაგიბაჟებენ და შემოგიშვებენ, თუმცა წამალი უკვე გაფუჭებულია. ეს სქემა მოქმედებს უკვე დიდი ხანია.
ქვეყანაში არსებობს კონკურენციის სააგენტო, რომლის პირდაპირ მოვალეობაშიც შედის ბაზრების კონტროლი და მონოპოლიების გამოვლენა…
2012 წელს აღდგა სააკავშილის მიერ გაუქმებული ანტიმონოპოლიური სამსახური კონკურენციის სააგენტოს სახელწოდებით. თუმცა სააგენტო არაფერს აკეთებს. ჩვენ შევისწავლეთ მათი საქმიანობა და გაირკვა, რომ აღდგენიდან დღემდე მათ გამოუკვლევიათ საქართველოში ყავის ბაზარი. ეს მაშინ, როდესაც პირველ რიგში გამოსაკვლევია ფარმაცევტული ბაზარი, რათა მოისპოს მონოპოლიები. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაავალოს კონკურენციის სააგენტოს, რათა დაშალოს მონოპოლიები ფარმაცევტულ ბაზარზე.
ორიოდე სიტყვით მედიკამენტების ხარისხზეც. თქვენ, როგორც მოქალაქე, როგორც პოლიტიკოსი, რამდენად კმაყოფილი ხართ ბაზარზე არსებული მედიკამენტების ხარისხით?
მე ოჯახის წევრები ექიმები მყავს და შეიძლება ითქვას, სამედიცინო სფეროში ვტრიალებ. გარდა ამისა, როგორც პოლიტიკოსს, შეხვედრები მაქვს მედიკოსებთან. პირველ რიგში, აღვნიშნავ დადებითს. С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში შემოდის ძალიან მაღალი ხარისხის პრეპარატი, რომელმაც მრავალი ადამიანი უკვე განკურნა და გადაარჩინა ამ საშინელ ვირუსს. მაგრამ ზოგადად, ძალიან ბევრი უხარისხო წამალი იყიდება ჩვენთან.
განსაკუთრებით უხარისხოა საქართველოში წარმოებული პრეპარატები. საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მიმიღია ანტიბიოტიკი, რომელსაც, პრაქტიკულად, შედეგი არ ჰქონია. გარდა ამისა, იმპორტირებულ წამლებს შორისაც არის უხარისხო წამლები და სჭარბობს რუსეთიდან და უკრაინიდან, ნაწილობრივ კი ბულგარეთიდან შემოტანილი მედიკამენტები.
მაღალი ხარისხით გამოირჩევა ფრანგული, გერმანული და უნგრული პრეპარატები, თუმცა, სამწუხაროდ, ღირს ძალიან ძვირი. ჩვენი მოქალაქეები, ფინანსური მდგომარეობის გამო, ყიდულობენ სწორედ უხარისხო პრეპარატებს.
ჩვენმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, სადაც ერთ-ერთ პუნქტად წერია მედიკამენტების ხარისხის მაღალ დონეზე კონტროლი. იურიდიული ბაზა არსებობს, ამიტომ ხელისუფლებამ ინებოს და დაიწყოს საჭირო დონეზე ხარისხის კონტროლი. ვინაიდან წამლის ხარისხი ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის ხარისხს უთანაბრდება.
როგორც ვიცით, ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრებას. ამ ნაბიჯს როგორ შეაფასებთ?
იდეის დონეზე დადებითად ვაფასებ, თუმცა ერთია იდეა და მეორე – განხორციელება. სამინისტრომ უნდა მიიღოს ქმედითი ზომები. თუ არ არსებობს მსგავსი ლაბორატორია, სახელმწიფომ უნდა შეისყიდოს. სპეციალისტები გვყავს, სიმართლე უნდა ითქვას, რომლებიც ამ ლაბორატორიას გაუძღვებიან. მსგავსი ლაბორატორიაა შესაქმნელი როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და თელავში. უნდა განხორციელდეს მედიკამენტების ხარისხის ტოტალური კონტროლი.