ცურვა, ტანვარჯიში, ხატვა, ჭადრაკი – ეს მცირედი ჩამონათვალია იმისა, რაზეც მშობლებს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ წრეზე ივლის ბავშვი, მით უფრო განვითარებული იქნება.
თუმცა, ფსიქოლოგები და პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ზღვარი სწორედ აქ დაიცვან.
პედიატრი გია კანაშვილი ფიქრობს, რომ ბავშვი ფიზიკურად 4-5 წლის ასაკიდან უნდა დავტვირთოთ.
“ბავშვები კომპიუტერთან მიჯაჭვულები არიან და ეს ძალიან მოქმედებს მხედველობაზე, მათ აღნაგობაზეც, ამგვარად შეიძლება სქოლიოზი განუვითარდეთ. ამ დროს ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ აუზი, ცურვა და სამკურნალო ფიზკულტურაც. მცირე ასაკში ფეხბურთს და კალათბურთს ვერ გირჩევთ, თუმცა სირბილი, ჰაერზე სეირნობა, ცურვა და თუნდაც ფიგურული სრიალი, ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის ძალიან კარგია,” – განმარტავს გია კანაშვილი და დასძენს, რომ თუ მშობლებს ბავშვი სპორტზე ვერ დაყავთ, სუფთა ჰაერზე მაინც უნდა ასეირნონ ხოლმე.
რაც შეეხება საბავშვო ბაღს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვის ბაღში მიყვანა მისი სოციალიზაციისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმი-პედიატრის გია კანაშვილის თქმით, ბავშვი ბაღში განსაკუთრებით მაშინ უნდა ვატაროთ, თუ საქმე მეტყველების პრობლემებთან გვაქვს, რადგან თანატოლებთან ურთიერთობა ამ დროს დიდ როლს თამაშობს ხოლმე, გარდა ამისა, მეტყველების პრობლემის შემთხვევაში შვილის ლოგოპედთან მიყვანაც მნიშვნელოვანია.
სკოლის ასაკიდან კი პედიატრის თქმით, აუცილებელია, სწავლასა და ფიზიკურ აქტივობას შორის ბალანსის დაცვა.
“ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს. ბავშვს, რომელიც გონებრივად ძალიან დატვირთულია და ბევრს მეცადინეობს, ფიზიკური განტვირთვა აუცილებლად ესაჭიროება, შესაბამისად, სპორტის რომელიმე სახეობით უნდა დაკავდეს,” – აღნიშნავს პედიატრი.
რაც შეეხება სკოლის გარდა დამატებით გონებრივ დატვირთვას, გია კანაშვილი მიიჩნევს, რომ დაწყებით კლასებში (1-ლი, მე-2, მე-3) ბავშვს მეტი თავისუფალი დრო უნდა ჰქონდეს, რათა მისი ნერვული სისტემა უკეთ განვითარდეს:
“თუ ბავშვს ძალიან გადავტვირთავთ, მისი ნერვულ სისტემა შესაძლოა, კარგად ვერ განვითარდეს, რაც იმ მომენტში არ გამოჩნდება, მაგრამ პრობლემები მოგვიანებით გამოიკვეთება. თუ ბავშვის ნერვული სისტემა ძალიან გადაიღალა და დასვენების საშუალება არ მიეცა, ეს მერე თავს ნერვულ აღგზნებადობაში, გარემოს მიმართ აგრესიის გამოხატვაში, ხშირ ტირილსა თუ ყვირილში იჩენს. ამ დროს კი ხშირად მშობელი ვერ ხვდება, რა მოხდა, რატომ იქცევა ბავშვი ასე,” – განმარტავს მედიკოსი.
ადრეულ ასაკში ბავშვის დამატებითი გონებრივ დატვირთვას მიზანშეწონილად არც ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე მიიჩნევს. მისი თქმით, ამის მაგალითად, უცხოენოვან საბავშვო ბაღში მიყვანის შემთხვევებიც გამოდგება, – “ბავშვი ჯერ მშობლიური ენის ცოდნაში უნდა ჩამოყალიბდეს კარგად და უცხო ენების სწავლა ამის მერე დაიწყოს. როდესაც პიროვნების ჩამოყალიბება ხდება, უმჯობესია, მისი აზროვნების სტრუქტურა იყოს გამართული და ადაპტირებული იმ კულტურასთან, რომელშიც ცხოვრობს, შესაბამისად, უმჯობესია, ბავშვი ქართულენოვან ბაღში მივიყვანოთ,” – განმარტავს ფსიქოლოგი.