დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სექტორის 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, სტატისტიკური მოზიდული პრემიის მაჩვენებლით, ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჯიპიაის ლიდერობა არის “ალდაგის” გაყოფის ტექნიკური შედეგი – როგორც ცნობილია, კომპანიაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გაიმიჯნა – პირველი მიმართულებით “ალდაგი” მუშაობს, მეორე კი “იმედი ელმა” ჩაიბარა. “ჯიპიაი” კი ორივე სახეობას მოიცავს.
შესაბამისად, “იმედი ელისა” და “ალდაგის” მიერ მოზიდული პრემიები კვლავ ბაზრის ყველაზე დიდ წილს იკავებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი კომპანია დღეს დამოუკიდებელ მოთამაშეებად არიან ბაზარზე წარმოდგენილნი და მათი მონაცემებიც ცალ–ცალკე აღირიცხება, ბაზრის ლიდერობა “ჯიპიაის” ერგო.
ამ უნაკანასკნელმა გასულ წელს 72,921,987 ლარის პრემია მიიზიდა (შედარებისთვის – გასულ წელს ეს მაჩვენებელი იყო 79,384,260 ლარი). მეორეა ალდაგი 70,765,708 ლარით, მას კი მოსდევს იმედი ელი 62,804,788 ლარის მიზიდული პრემიით (შარშან, ალდაგისა და იმედი ელის ცალ–ცალკე კომპანიების ჩამოყალიბებამდე, ალდაგის მიერ მიზიდული ჯამური პრემია დაახლოებით 93,5 მილიონ ლარს შეადგენდა). მეოთხეა უნისონი 31,430,005 ლარით, (შარშან იყო 14,293,328 ლარი), შემდეგ მოდის ირაო 29,007,102 (შარშან 28,115,988), რომელსაც მოსდევს არდი 26,011,645 (შარშან 23,282,166).
საინტერესოა კიდევ ერთი ტენდენცია: ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში მიზიდულია 130,822,894 ლარის ოდენობის პრემია, რაც 23,027,761 ლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. თუმცა პოლისების რაოდენობა ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელოდ (533 471–დან 535 505–მდე გაიზარდა), შესაბამისად, პრემიების ზრდის მაჩვენებელი ჯანმრთელობის დაზღვევის გაძვირებაზე მიუთითებს, რაც, ცხადია, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის შედეგია.
სტატისტიკური მაჩვენებლებიდან კიდევ ერთი ტენდენცია იკვეთება – სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის პოლისების რაოდენობა 13,2%–ით გაიზარდა. შესაბამისად, დღეს საქართველოში 47561 სატრანსპორტო საშუალებაა დაზღვეული. თუმცა მთელ ავტოპარკში (რომლს მოცულობამ უკვე მილიონ 100 ათასს გადააჭარბა) დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების წილი ისევ მცირეა და დაახლოებით 4,5%–ია.
რაც შეეხება ინდუსტრიის მოგებას, მან 2015 წელს 2,625,240 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 40,326,088 ლარი იყო.
სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტის გიორგი გიგოლაშვილის განმარტებით, მონაცემების ასეთი მკვეთრი შემცირება დაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია – თუ წინა წლებში მოგების მაჩვენებელში გათვალისწინებული იყო კომპანიის როგორც სადაზღვევო საქმიანობის, ისე მისი სხვა ბიზნესებიდან (მაგალითად, ჰოსტპიტალური) მიღებული მოგება, გასული წლიდან სადაზღვევო კომპანიის წმინდა მოგებად წმინდა სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებული მოგება ჩაითვალა.
“კომერსანტი” თემას აგრძელებს და დაზღვევის სახეობების მიხედვით კომპანიების მიერ მიღებულ შედეგებს შემოგთავაზებთ.