მთავარი » ახალი ამბები » მოქალაქეთა დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკრინინგ- პროგრამებში არ ერთვება

მოქალაქეთა დიდი ნაწილი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკრინინგ- პროგრამებში არ ერთვება

კიბოს სკრინინგის პროგრამაზე მოთხოვნა თბილისში გაცილებით მეტია, ვიდრე რეგიონებში. დედაქალაქში ერთერთ კომპონენტზე, კერძოდ ძუძუს სიმსივნის სკრინინგზე მიმართვიანობა ბოლო წლებში 7%-ით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია, თუმცა სამიზნე მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სერვისით მოცული არ არის. ამის შესახებ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ კიღურაძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, სკრინინგის მოცვა მაინც დაბალია მიუხედავად იმისა, რომ სერვისი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია, მათ შორის მობილური ჯგუფის – მამომობილის სახით მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თბილისში ცენტრი 4 ლოკაციაზე ოპერირებს – ესაა საბურთალო, გლდანი, ვარკეთილი და დიდუბე. სერვისებით შესახენ ინფორმაციის მიღება და სკრინინგზე ჩაწერა შესაძლებელია ცენტრის

ცხელი ხაზის 2203535 – საშუალებით.

„ჩვენ არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხობრივადაც ვაუმჯობესებთ სერვისებს, მათ შორის მაღალტექნოლოგიური აპარატურის დანერგვითა და ექიმების კვალიფიკაციაზე ზრუნვით,“ – განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

მისივე თქმით, სკრინინგი უზრუნველყოფს ადამიანის პერიოდულ შემოწმებას მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამასთან, სკრინინგის გავლის შემდეგ მოქალაქეთა 97%-ს არანაირი პრობლემა არ უფიქსირდება იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მას შემოწმება ჩაუტარდა, რადგან სკრინინგი ჯანმრთელი ადამიანების კვლევას გულისხმობს. იმ 3%-ის შემთხვევაში კი, რომელსაც სიმსივნე ადრეულ ეტაპზე დაუდგინდება, მკურნალობა გაცილებით ეფექტიანია და გამოსავალიც, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.

ეთერ კიღურაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც სკრინინგზე ერთხელ მაინც არიან ნამყოფი, უმრავლეს შემთხვევაში შემოწმებას მომდევნო ეტაპებზეც გადიან, რადგან შიშები უკვე გადალახული აქვთ და მოთხოვნილებაც კი აქვთ, რომ მსგავსი შემოწმება ჩაიტარონ.

შეგახსენებთ: სახელმწიფო დაფინანსებით, 40-70 წლის ასაკის ქალებში  ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს: მამოგრაფიას, პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში მამოლოგის კონსულტაციას და ექოსკოპიურ გამოკვლევას, ძუძუს კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

25-60 წლის ასაკის ქალებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს: პაპ–ტესტის ჩატარებას და პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში კოლპოსკოპიას. საჭიროებისამებრ ხდება ბიოფსიური მასალის აღება და ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.

50-70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებში მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ.

პროგრამა უზრუნველყოფს გამოკვლევას ფარულ სისხლდენაზე. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში ტარდება კოლონოსკოპია მორფოლოგიური გამოკვლევით. მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …