მთავარი » ახალი ამბები » მომდევნო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს – ექიმების გაფრთხილება

მომდევნო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს – ექიმების გაფრთხილება

27-30 აგვისტოს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აფრთხილებს მოსახლეობას და იმ რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელთა დაცვაც ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროსაა მიზანშეწონილი.

ცენტრი აღნიშნავს, რომ სიცხე იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით რთულად გადააქვთ მათ, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. სიცხე ასევე ძალიან ცუდად მოქმედებს მოხუცებზე. ჯანმოს მონაცემებით, სულ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მაღალი ტემპერატურის უარყოფით ზეგავლენას განიცდიან. ჯანმოს მონაცემებითვე, ბოლო 20 წლის განმავლობაში, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობა თითქმის გაორმაგდა, 2018 წელს ამ მიზეზით დაახლოებით 300 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ცხელ ზაფხულს არცთუ იშვიათად თან ახლავს სითბური ტალღები. სითბურ ტალღად იწოდება სამ დღეზე მეტი პერიოდი, როდესაც ტემპერატურა იმ კონკრეტული ტერიტორიისთვის არაბუნებრივად მაღალია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს, რომელიც სიცხიან ამინდში მოსახლეობამ უნდა დაიცვას:

მოერიდეთ გარეთ გასვლას და ინტენსიურ აქტივობას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.

დარჩით ჩრდილში და, თუ შესაძლებელია, გაატარეთ დღის 2-3 საათი გრილ ადგილას COVID-19-ის რეგულაციების დაცვით.

შეეხმიანეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მეზობლებს, რომლებიც დროის დიდ ნაწილს მარტო ატარებენ.

შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში.

გამოიყენეთ საღამოს საათები სახლის გასაგრილებლად.

გამოიყენეთ ჟალუზები/ფარდები.

შეინარჩუნეთ ორგანიზმის სიგრილე და ტენიანობა.

გამოიყენეთ მსუბუქი, თავისუფალი და ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანისამოსი და თეთრეული.

მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა.

რეგულარულად მიიღეთ წყალი და მოერიდეთ შაქრიანი, ალკოჰოლური,

კოფეინიანი და გაზიანი სასმელების მიღებას.

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …