მომავალი ერთი წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 20 000 ადამიანი იქნება ჩართული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მონაწილე პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამაში ამ რაოდენობის ადამიანის ჩართვა იძლევა იმედს, რომ საქართველო ახლო მომავალში, С ჰეპატიტის გარეშე იქნება.
“ძალიან სასიხარულოა, რომ ეს პროგრამა ასეთი წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტები, რომლებიც არიან ამ პროგრამაში ჩართული უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში აპირებენ ამ პროგრამაში ჩართვას. სასიხარულოა, რომ არის პრეპარატი “ჰარვონი”, რომელიც რევოლუციურია ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ეს პრეპარატი არის კომპანია “გილეადის” მიერ მოწოდებული”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, სამინისტროს მთელ გუნდს, ექიმ ინფექციონისტებს, ასევე იმ პაციენტებს,ვინც ამ პროგრამაში მონაწილეობდნენ და გამოცდილებას უზიარებენ სხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, ამერიკის მთავრობას და კომპანია “გილეადის” საქართველში, რომელმაც პრეპარატი “ჰარვონი” შემოიტანა საქართველოში.
„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ამ პროგრამაზე 2 მილიონ დოლარზე მეტი იხარჯება. სწორედ ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების მთავრობას და ელჩს საქართველოში. ასევე კომპანია “გილიარდს”, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება რაიმე სახით ოცნებაც კი ამ პრობლემის გადაჭრაზე.
დღეს უკვე 7 000 მეტი პაციენტი გახლავთ ჩართული ამ პროგრამაში და 3 000-ზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა. 90%-ის შემთხვევაში წარმატება იქნა მიღწეული. ეს ძალიან იმედის მომცემია. ამ ახალი პრეპარატის შემთხვევაში წარმატების მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.