რეფერენტული ფასების დაწესების შედეგად ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ხელოვნურ დეფიციტს არ ველოდებით – ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ირაკლი მარგველაშვილმა „საქართველოს პირველი არხის“ ეთერში, გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. რაც შეეხება ბუნებრივ დეფიციტს, მარგველაშვილის თქმით, თუ ამის საფრთხე შეიქმნება, სექტორი ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სპეციალურ კომისიას აცნობებს.
მისივე განცხადებით, ფარმაცევტული სექტორი მიესალმება რეფერენტული ფასების მოდელის დანერგვას, რადგან ის მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, თუმცა, მარგველაშვილის თქმით, არის რისკები და სირთულეები რეფორმის განხორციელების პროცესში.
„ახლა არის პერიოდი, როდესაც ვაანალიზებთ გამოქვეყნებულ ფასებს. შარშან ნოემბრის თვიდან გვქონდა პერიოდი, როდესაც სამუშაო ჯგუფის ფორმატში მეთოდოლოგიაზე იყო მსჯელობა. ეს პროცესი მარტივი არ იქნება, მაგრამ მომხმარებლებისთვის უნდა იყოს დადებითი შედეგის მომტანი. ჩვენ პროცესს პოზიტიურად ვუყურებთ. სექტორის უმრავლესობა ამ მოდელზე გადავა და ხელოვნურად პრობლემას არავითარ შემთხვევაში არ შექმნის. შეიძლება იყოს გარდამავალი პერიოდის ბუნებრივი პრობლემები. როდესაც განვითარებული ქვეყნები გადავიდნენ ამ მოდელზე, მათაც ჰქონდათ ბუნებრივი დეფიციტები. ხელოვნური დეფიციტია, როდესაც ან წამალი არ შემოგაქვს სპეციალურად, ან გაქვს და არ ახდენ რეალიზაციას. რა არის ბუნებრივი დეფიციტი? როდესაც მედიკამენტი ვერ შემოგაქვს იმიტომ, რომ ვერ იყიდე და ხელმისაწვდომი არ იყო, ან ვერ იყიდე იმ ფასად, რომელშიც უნდა შემოიტანო. ხელოვნური დეფიციტის მოლოდინი აბსოლუტურად არ მაქვს, რადგან ფარმაცევტული ბაზრის ძირითადი მოთამაშეების საქმიანობის გამოცდილება საკმაო დროა რაც გვაქვს. 99.9%-ით არ ველოდებით ხელოვნურ დეფიციტს. რომ არ მოხდეს ბუნებრივი დეფიციტი ანუ არ მოხდეს ისეთი ფასის შემოღება, რომ ვერ შეისყიდოს კომპანიამ, სწორედ ამისთვისაა გარდამავალი პერიოდი. მაგალითად, გავეცანით ფასებს და კონკრეტული კომპანია იძახის, რომ ამ ფასად მედიკამენტი ვერ შემოაქვს. საბჭო ითხოვს არგუმენტებს. მას შემდეგ, რაც არგუმენტები წარმოდგენილი იქნება და რაიმე გათვალისწინებული არ იქნება, ამის შემდეგ ვისაუბროთ შესაძლო პრობლემებზე. ამ ეტაპზე პროცესი მიმდინარეობს, თანამშრომლობის მზაობა ორივე მხრიდანაა და ორივე მხარის – როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ინტერესია, რომ ბაზარზე ყველა წამალი დარჩეს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ პროცესის მიმართ მოლოდინი პოზიტიურია,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მხოლოდ რეფერენტული ფასები და თურქული ბაზრის გახსნა მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად არ იქნება საკმარისი და მათ სხვა პროცესებიც უნდა მიყვეს. პირველ რიგში ესაა მედიკამენტების არარაციონალური მოხმარება და არასწორი დანიშვნა, რაც არა მხოლოდ ადამიანების ჯიბეს, არამედ ჯანმრთელობასაც აზარალებს. ირაკლი მარგველაშვილის შეფასებით, ამ მიმართულებითაცაა რესურსი, რომ მედიკამენტებზე დანახარჯი დაახლოებით 25%-ით შემცირდეს.
მისივე თქმით, სექტორი ელოდება ელექტრონული რეცეპტების ამოქმედების შედეგების მონაცემებს – თუ ვინ ნიშნავს ჭარბ წამლებს და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამის შესაცვლელად.
რაც შეეხება რეფერენტული ფასების ამოქმედების მოსალოდნელ შედეგებს, ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ მედიკამენტების ნაწილზე შესაძლოა ფასი არც შემცირდეს, ნაწილზე შემცირება 20% ან 5% იყოს, თუმცა მედიკამენტები საშუალოდ 35-40%-ით გაიაფდება.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. სექტორს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ მედიკამენტებზე ფასები შეამცირონ და აღნიშნულ სისტემაზე გადაეწყოს.