ფარმაცევტული სექტორის პრეტენზიების შემდეგ იმის შესახებ, რომ მედიკამენტების ბაზრის კონტროლის მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემა ხარვეზებით მუშაობს, ამ საკითხზე კომენტარი ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა და ბრალდებები თავად სექტორს წაუყენა.
მინისტრის თქმით, ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია არღვევს სისტემაში ინტერგაციის ვალდებულებას და არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში. ამასთან, მინისტრის თქმით, აღნიშნულ სისტემაში ინტეგრაციის გადავადება, კომპანიების მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდება.
„არანაირი გადავადება არ იქნება. ყველანაირი გონივრული ვადა გასულია. ჩვენგან ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ. ჩვენი აიტი სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ სისტემაში მათი ინტეგრაციები გაეკეთებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას, არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში და მოგვიწევს შესაბამისი გაფრთხილების მიცემა და დაჯარიმება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
შეგახსენებთ: ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მედიკამენტების რეალიზატორებმა ჯანდაცვის სამინისტროს პროდუქტების ბრუნვის შესახებ მონაცემები უნდა გაუზიარონ, 15 მარტიდან ამოქმედდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, პლატფორმის მიზანი წამლების მარაგებისა და პროდუქციის ფასების შესახებ უწყების ინფორმირებაა.
იმ აფთიაქებისთვის, რომლებსაც მარაგების მართვის საკუთარი პროგრამა არ გააჩნიათ, სამინისტრომ ელექტრონული სისტემა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაზე შეძლებენ ისინი ფარმაცევტული პროდუქტების რეალიზაციას და მარაგების მართვას.
რამდენიმე დღის წინ jandacva.ge-ს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განუცხადა, რომ კომპანიებს სამინისტროს ელექტრონულ სისტემასთან საკუთარი რესურსების ჰარმონიზაციის პრობლემა შეექმნათ, არაქსელური აფთიაქების შემთხვევაში კი, მისივე ინფორმაციით, მცირე რესურსია გამოყოფილი, რაც მათ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
თუმცა, ლევან გოგიბერიძის თქმით, სამინისტრომ უკვე მოთხოვა კერძო სექტორს, მიაწოდონ ინფორმაცია ხარვეზების შესახებ, რათა მათ გამოსწორებაზე იზრუნოს.